ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრორუსულობაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში ანტიდასავლური კამპანიის პროპაგანდა დაიწყო
ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრორუსულობაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში ანტიდასავლური კამპანიის პროპაგანდა დაიწყო

კითხვის ნიშნები აღარ არსებობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ანტიდასავლური კამპანიის პროპაგანდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სანქციები აუცილებლად დაუწესდებათ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, რადგან ყველა მტკიცებულება უკვე სახეზეა.

„ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებაში კითხვის ნიშნები აღარ არსებობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად, უმაღლეს დონეზე, პარტიის ხელმძღვანელის დონეზე „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ანტიდასავლური კამპანიის პროპაგანდა. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ სანქციები აუცილებლად დაუწესდება „ქართულ ოცნებას“, დაუწესდება ივანიშვილს, რადგან ყველა მტკიცებულება უკვე სახეზეა. მათ შორის, თუ რა ხდება საბაჟო სისტემაში, რა ხდება ფულად საკრედიტო სისტემაში, მიგრანტების როგორი უკონტროლო შემოდინება ხდება რუსეთის ფედერაციიდან. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ კავშირშია რუსეთის ფედერაციასთან და პრაქტიკულად, საქართველო აქციეს სანქციების თავის არიდების ასპარეზად რუსეთის ფედერაციისთვის. თქვენ იცით, რომ დაწყებულია გამოძიება, ზოგადად სანქციების თავის არიდებასთან დაკავშირებით და საქართველო როგორც ერთ-ერთი მთავარი დერეფანი რუსეთის ფედერაციისთვის, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის. ბუნებრივია, შესაბამისი ინფორმაციები არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას აქვს, არამედ სპეცსამსახურებსაც და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

დატოვე კომენტარი