ლევან ბეჟაშვილი - პრეზიდენტთან საახალწლო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, თუმცა მასთან უფრო საქმიან შეხვედრებს შევუერთდებით
ლევან ბეჟაშვილი - პრეზიდენტთან საახალწლო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, თუმცა მასთან უფრო საქმიან შეხვედრებს შევუერთდებით

პრეზიდენტთან საახალწლო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტთან უფრო საქმიან შეხვედრებს შეურთდება.

„შეხვედრის ფორმა არაორდინალურია და მას ჰქვია, საახალწლო მიღება. ბუნებრივია, ჩვენ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, თუმცა ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, რომელიც ისარგებლებს ამ შემთხვევით, მივესალმებით. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა, რომ გარკვეული პოზიციები მოითელოს იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა, შეთანხმების პროცესის დაწყებას და წარმართვას ეხებოდა. შემდეგ, როცა უფრო საქმიანი ფორმატი და რეჟიმი იქნება, ბუნებრივია, ასეთ შეხვედრებს შევუერთდებით და უფრო ხელშესახებად ვიმუშავებთ. პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მისაღებია. ქვეყანას ახალი ათვლის წერტილი სჭირდება, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ. ჩვენ ვაპირებთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას და ამ ფორმატში მონაწილეობას. თუ „ქართული ოცნება“ ამ ინიციატივას არ მიიღებს, ეს კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და საზოგადოებისთვის, რომ ის ხელისუფლების მიტაცებას, უზურპაციას ახდენს და არ ითვალისწინებს არსებულ პოლიტიკურ რეალობას“, – განაცხადა ბეჟაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში დღეს უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი