ლევან ბეჟაშვილი - პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრთა ნომინირების უფლებას ართმევენ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კანდიდატების წარდგენა ობიექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობას გამორიცხავს
ლევან ბეჟაშვილი - პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრთა ნომინირების უფლებას ართმევენ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კანდიდატების წარდგენა ობიექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობას გამორიცხავს

პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრთა ნომინირების უფლებას ართმევენ. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კანდიდატის წარდგენა ობიექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობას გამორიცხავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ აღნიშნული ცვლილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამ ცვლილებებით „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების უზურპაცია და მიტაცება ხდება. პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების ნომინირების უფლებას არაკონსტიტუციურად ართმევენ. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კანდიდატის წარდგენა იმთავითვე გამორიცხავს ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და ისეთ ცესკო-ს მივიღებთ, რომელიც დაკომპლექტებული იქნება „ქართული ოცნების“ მიერ. შესაბამისად, მათ მიერ არჩეული ადამიანები მათსავე დავალებებს შეასრულებენ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. 10 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.