ლევან ბეჟაშვილი - პრაიდთან დაკავშირებით სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანების უფლებები და არ დაუშვას ღონისძიებების ძალადობრივად განვითარება
ლევან ბეჟაშვილი - პრაიდთან დაკავშირებით სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანების უფლებები და არ დაუშვას ღონისძიებების ძალადობრივად განვითარება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქრთველოში ნებისმიერ მოქალაქეს და მოქალაქეთა ჯგუფს აქვს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება, ნებისმიერი ფორმით გამოხატოს თავისი უფლებები.

„პრაიდთან მიმართებაში სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, რომ დაიცვას ამ ადამიანების უფლებები და არ დაუშვას იმ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ძალადობრივი განვითარება. სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს ვითარება, როდესაც ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ცდილობდეს კანონიერების განმტკიცებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას, პირიქით, ხშირ შემთხვევაში არის კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ ძალადობრივი მოქმედებების წამახალისებელი.

ხელისუფლება მუდმივად ცდილობს უმრავლესობის და სამართალდამცველების ძალით ესაუბროს საზოგადოებას. ჩვენც ვიყავით ხელისუფლებაში და ჩვენს დროსაც ხორციელდებოდა ასეთი ღონისძიებები. ყველა ქვეყანაში და ყველა დროს ასეთი ღონისძიებების წარმართვა, ასეთი საზოგადოებრივი ჯგუფების უფლებრივი უზრუნველყოფა და მათი ძალადობისგან დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვალდებულია, პარლამენტში გამოცხადდეს და უპასუხოს ყველა კითხვას, რომელიც მისი უწყებისა და მის მიმართ არსებობს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია ხშირ შემთხვევაში წაუყრუებს ხოლმე ასეთ ძალადობრივ ფაქტებს. თუ ეს პოლიტიკურად სენსიტიური არ არის „ქართული ოცნებისთვის“ და მათ პოლიტიკურ ძალაუფლებას არ უკავშირდება, პოლიცია დანაშაულებრივ ნეიტრალიტეტს იჩენს ხოლმე, რაც მიუღებელია. მათ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინინ, განსაკუთრებით კი, მინისტრმა უნდა უზრუნველყოს ასეთი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის აზრის გამოხატვის თავისუფლება, უზრუნველყოს, რომ ძალადობრივად არ განხორციელდეს ის ღონისძიებები, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.