ლევან ბეჟაშვილი - პოლიტიკოსები უნდა ჩამოშორდნენ სასამართლო სფეროს და მოსამართლეების საქმიანობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასონ
ლევან ბეჟაშვილი - პოლიტიკოსები უნდა ჩამოშორდნენ სასამართლო სფეროს და მოსამართლეების საქმიანობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასონ

სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ერთ-ერთი ასეთი შეიძლება იყოს „ვეტინგის“ სისტემა, რომელიც აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, პარტიები და პოლიტიკოსები უნდა ჩამოშორდნენ ამ სფეროს და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი საბჭოს მეშვეობით უნდა მოხდეს მოსამართლეების საქმიანობის შესწავლა.

„საზოგადოებას სასამართლო სისტემისადმი ნდობა არ აქვს. ხალხი ფიქრობს, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს იმართება „ქართული ოცნების“ მხრიდან, მათი პირადი და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, ამ სისტემას კლანი მართავს. ამ კლანის არსებობა დადასტურებულია საერთაშორისო სანქციებით და რამდენიმე მოსამართლე საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის. ჩვენ თუ გვინდა, საზოგადოების ნდობა აღდგეს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, უნდა გადაიდგას მკვეთრი ნაბიჯები. ერთ-ერთი ასეთი მკვეთრი ნაბიჯი შეიძლება იყოს „ვეტინგის“ სისტემა, რომელიც აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში. ისეთივე პრობლემების მქონე ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. მაგალითად, როგორებიცაა ალბანეთი, მოლდოვა, უკრაინა. პოლონეთში ცოტა სხვა მიმართულებით განვითარდა ეს რეფორმა, მაგრამ ფაქტია, ეს გამოცდილება არსებობს და ამ გამოცდილების განხილვას ვთავაზობთ. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებმა კი არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, პარტიები და პოლიტიკოსები უნდა ჩამოშორდნენ ამ სფეროს და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი საბჭოს მეშვეობით უნდა მოხდეს მოსამართლეების საქმიანობის შესწავლა, კორუფციული და პროფესიონალიზმის კუთხით. ეს იქნებოდა ერთგვარი ნაბიჯი, რათა სასამართლო რეფორმირების პროცესი დავიწყოთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.