ლევან ბეჟაშვილი - ორი დღის განმავლობაში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის და მისი ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს, ყველაფერი ესადაგება „ქართული ოცნების“ ინტერესებს
ლევან ბეჟაშვილი - ორი დღის განმავლობაში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის და მისი ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს, ყველაფერი ესადაგება „ქართული ოცნების“ ინტერესებს

ორი დღის განმავლობაში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის და მისი ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს, რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება, ამ ადამიანებიდან ზოგიერთი მეორედ და მესამედ აკეთებს ამგვარ განცხადებებს, რაც პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ესადაგება „ქართული ოცნების“ ინტერესებს.

„ყველამ კარგად იცოდეს, რომ პარტიაში არჩევნები აუცილებლად ჩატარდება, ოღონდ წესდებით განსაზღვრულ ვადაში, 2025 წლის პირველ იანვარს. პარტიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბრძოლა „ქართული ოცნების“, იმავე რუსული ოცნების წინააღმდეგ. ამ ადამიანებისთვის კარი ღიაა და ჩვენ უახლოეს პერიოდში მივიღებთ მნიშვნელოვან და კარგ გადაწყვეტილებებს და მოვუწოდებთ ნიკა მელიას, დამარცხებული თავმჯდომარის კანდიდატობის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შეწყვიტონ მსგავსი აღვირახსნილი კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ იყო და მისი კამპანია ადასტურებდა იმას, რომ ემიჯნებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მოქმედებდა პარტიის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.