ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციური პარტიები ვმუშაობთ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე, რამდენიმე დღეში მზად იქნება დღის წესრიგი, რასაც პარლამენტს და პრეზიდენტს წარვუდგენთ
ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციური პარტიები ვმუშაობთ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე, რამდენიმე დღეში მზად იქნება დღის წესრიგი, რასაც პარლამენტს და პრეზიდენტს წარვუდგენთ

„ნაციონალური მოძრაობა“ ისევე, როგორც „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ ფორმატში მონაწილეობას არ ვიღებთ, რადგან ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის მთავარი საკითხი მარტო დეპოლარიზაცია არ არის. 12 პუნქტის შესრულება კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი საკითხი უკვე მომზადებულია და პროექტების მიღებას არა კომისიები, არამედ ერთიანი პოლიტიკური ნება სჭირდება.

როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სესია უნდა იყოს მოწვეული.

„ბევრი საკითხი უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პროექტების დონეზე, რომელთა მიღებას სჭირდება არა კომისიები, არამედ ერთიანი პოლიტიკური ნება. მოწვეული უნდა იყოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, რა საკითხზეც ოპოზიციური პარტიები მუშაობენ. ჩვენი დღის წესრიგი რამდენიმე დღეში იქნება მომზადებული, რასაც პარლამენტს და პრეზიდენტს წარვუდგენთ. „ქართული ოცნება“ დეპოლარიზაციას არასწორად განმარტავს. მათი აზრით, დეპოლარიზაციაა ის, რომ ოპოზიციამ შეწყვიტოს კრიტიკული რიტორიკა ხელისუფლების მიმართ. ეს მიუღებელი იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს მიღებული, რაც საარჩევნო ბარიერის შემცირებას ითვალისწინებს. ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება სხვა პარტიებსაც უნდა ჰქონდეთ. ამიტომ ვითხოვთ რიგგარეშე სხდომას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ლევან ბეჟაშვილს ჟურნალისტებმა სთხოვეს კომენტარი, რატომ გაემართა პარლამენტში, დერეფნისკენ, სადაც შალვა პაპუაშვილის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა მიმდინარეობს. ბეჟაშვილის განმარტებით, მას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ოპოზიციასთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია და პაპუაშვილის სამუშაო სივრცეში ამ მიზნით არ შევსულვარ“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.