ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციას პარლამენტში იმდენი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, როგორც ხალხმა განსაზღვრა, სიების აღდგენაზე უარი არის პოლიტიკური დევნა
ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციას პარლამენტში იმდენი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, როგორც ხალხმა განსაზღვრა, სიების აღდგენაზე უარი არის პოლიტიკური დევნა

სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არის უკანონო. ეს გადაწყვეტილება ნათლად ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ საგამოძიებო კომისიის თემასთან არის დაკავშირებული ოპოზიციონერებისთვის მანდატის შეჩერების საკითხის დაყენება.

„სწორედ ამ საკითხის რეალურობის შემდეგ წარმოიქმნა ოპოზიციონერებისთვის მანდატის შეჩერების საკითხი. ეს იქნება ერთპარტიული პარლამენტისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც გვიბიძგებს იმისკენ, რომ ამ პარლამენტის მიმართ რადიკალური ვიყოთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო სიებს, საკითხზე საუბრისას ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ თავის დროზე სიების ჩახსნა განპირობებული იყო ოპოზიციის პროტესტით. მისივე თქმით, ოპოზიციას პარლამენტში იმდენი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, როგორც ხალხმა განსაზღვრა.

„სიების ჩახსნა განპირობებული იყო ოპოზიციის პროტესტით გაყალბებული არჩევნების მიმართ. ოპოზიციას პარლამენტში იმდენი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, როგორც ხალხმა განსაზღვრა. სიების არაღდგენა არის პოლიტიკური დევნა და ძალადობა ოპოზიციაზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.