ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიცია მხარს დაუჭერს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის საკუთარ ვერსიას, ოლიგარქის სტატუსი არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მთლიან შიდა პროდუქტთან მიბმულ ქონებაზე
ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიცია მხარს დაუჭერს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის საკუთარ ვერსიას, ოლიგარქის სტატუსი არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მთლიან შიდა პროდუქტთან მიბმულ ქონებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება საქართველოს ვალდებულებაა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მხარს დაუჭერს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მხოლოდ საკუთარ ვერსიას.

„ბუნებრივია, ოპოზიცია მხარს დაუჭერს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის საკუთარ ვერსიას და არა იმას, სადაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები შეიძლება, იყვნენ განხილული და ამით აშანტაჟებს ოპოზიციას, თუ გინდათ, არ მივიღებთ და მხოლოდ ისეთ ცვლილებებს მივიღებთ, როგორც მათ უნდათ და სადაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და იქნებიან მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ქართული ოცნების“ მიერ ეს რეალობა ვერ გასაღდება რეკომენდაციების შესრულებად და ისეთ შედეგს მივიღებთ, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ. კონსულტაციები ოპოზიციასთან მიმდინარეობს. ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი არ იქნება მხოლოდ სახელებსა და გვარებზე. ოლიგარქის სტატუსი დამოკიდებული არ იქნება მხოლოდ მთლიან შიდა პროდუქტთან მიბმულ ქონებაზე, არამედ ოლიგარქის გარემოს დასაქმებასა და მათ დანიშვნაზე პოლიტიკურ თანამდებობებზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა. ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მომზადებული ცვლილებები უკრაინულ მოდელს ეფუძნება.