ლევან ბეჟაშვილი - ოლივერ ვარჰეის მოწოდება, რომ ოპოზიცია ჩართული იყოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში, ცალსახად მისაღებია
ლევან ბეჟაშვილი - ოლივერ ვარჰეის მოწოდება, რომ ოპოზიცია ჩართული იყოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში, ცალსახად მისაღებია

ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის მოწოდება, რომ ოპოზიცია ჩართული იყოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში, ცალსახად ერთმნიშვნელოვანი და მისაღებია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო ოპოზიციას 12-პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული აქვს ალტერნატიული პროექტები.

მისივე თქმით, საჭიროა, „ქართული ოცნება“, როგორც სამთავრობო ძალა, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ მოწოდებას, უზრუნველყოს კონსულტაციების წარმართვა და კონკრეტული კონსენსუსის მიღწევა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ფასადური ცვლილებებით, ფასადური პროექტების მიღებით, ბუნებრივია, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების სულისკვეთება დაცული არ იქნება და ჩვენი დასავლელი პარტნიორების შემდგომი გადაწყვეტილებაც ადეკვატური იქნება. ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობით, კონსენსუსით მოხდეს მთელ რიგ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება. მაგალითი არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, სადაც ხელისუფლება კვლავ საპარლამენტო ძალმომრეობით ცდილობს, თავს მოახვიოს ისეთი პროექტი, რომელიც ქვეყნის რეალობას არ შეესაბამება და მხოლოდ ფასადურად ემსახურება 12-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულებას. დეპოლარიზაციის საკითხისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. ნიკა გვარამიას, როგორც მთავარი მედიამენეჯერის, ოპოზიციური მედიამენეჯერის გათავისუფლება. ამ გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, ეს დაუდებდა საფუძვლად ქვეყანაში დეპოლარიზაციას. შესაბამისად, უზრუნველყოფდა ქვეყნის მომავალ ევროპულ პერსპექტივას. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადოს პარტიული, პოლიტიკური შურისძიების მოტივები, იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებით და უზრუნველყოს ამ ორი ადამიანის გათავისუფლება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული გზავნილები გასაგებია, ევროკომისარი ვერ გააკეთებს შეფასებებს კონკრეტულ სახელსა და გვარებზე.

„შეფასებები უკვე არაერთხელ გაკეთდა ევროპარლამენტის შესაბამის რეზოლუციებში. ევროპარლამენტარები ამაზე არაერთხელ აკეთებენ დაკონკრეტებას, ჩვენი მოვალეობა არის, მივიღოთ არა უკრაინული, დაკოპირებული ვერსია, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება საქართველოს რეალობას, არამედ მივიღოთ ქართულ რეალობასთან დაახლოებული შესაბამისი კანონპროექტი. ამის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწევადია“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.