ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფის მიერ ახალი ლეგიტიმაციის მიღება შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარტიამ აჩვენოს განახლების, ახალი ლეგიტიმაციის შესაძლებლობა იმ პირობებში, როცა გადასაჭრელია უმწვავესი საკითხები.
ბეჟაშვილის თქმით, ამაზე მიმდინარეობდა პარტიაში საუბარი და პარტიის ლიდერშიფის მიერ ლეგიტიმაციის მიღება შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგ გამოსავლად მიაჩნია.
ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ რაც მალე მიიღებს ყველაფერი თავის სახეს, მეტი სიძლიერით გავა პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე.
„უკვე რამდენიმე თვეა, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ამბების საჯარო განხილვა, ეს კარგია. პროცესები გამწვავდა გარკვეულწილად, ცალსახად აისახება მიმდინარე პროცესებზეც. ამიტომ როდესაც შენი ამომრჩევლები არიან დეზორიენტირებული, არის უმწვავესი საკითხები – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, გადაყვანის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანია, პარტიამ აჩვენოს განახლების, ახალი ლეგიტიმაციის შესაძლებლობა.
ამიტომ ამაზე საუბარი მიმდინარეობდა პარტიაში და პარტიამ უნდა აჩვენოს თავისი ძალა, ამ ძალის გამოხატულება, პარტიის ლიდერშიფის მიერ ლეგიტიმაციის მიღება შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. რაც მალე დაჩქარდება და რაც მალე მიიღებს ყველაფერი თავის სახეს, უფრო მეტი სიძლიერით გამოვა პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.