ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას აფრთხილებდა სანქცირებზე, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო ინსტიტუციებთან
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას აფრთხილებდა სანქცირებზე, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო ინსტიტუციებთან

სანქცირების პოლიტიკა აზარალებს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ ეს არის რეალური აუცილებლობა, რათა კრისტალიზირდეს, ვინ მოქმედებს ამ ქვეყანაში საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ლევან ბეჟაშვილი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანას გამოეხმაურა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ჯგუფის წარმომადგენლები ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო ინსტიტუციებთან, რათა სანქცირების პოლიტიკა ხელშესახები გახდეს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, დასანქცირდეს ოთარ ფარცხალაძე – ივანიშვილის პირადი ოლიგარქი, ივანიშვილის პროკურორი, რომელთა მიმართებაში ცალსახა აზრია ჩამოყალიბებული საქართველოს საზოგადოებაში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში. ამან თავისი გამოძახილი პოვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში, დასანქცირდეს ოთარ ფარცხალაძე და მოხსენიებული იქნას, როგორც ოლიგარქი.

ჯერ კიდევ შარშან, ერთი წლის წინ, „ნაციონალური მოძრაობა“ აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ივანიშვილის, ფარცხალაძის, მამაცაშვილის, ჩხარტიშვილის, რუხაძის, ხიდაშელის მიმართ სანქცირებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება მიმდინარეობდა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა სხვადასხვა პირის, უწყების მხრიდან. მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ჯგუფის წარმომადგენლები ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო ინსტიტუციებთან, რომ სანქცირების პოლიტიკა ხელშესახები გახდეს და მოხდეს ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მხილება, რომელიც პირდაპირ მოქმედებს საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ, მინდა, ერთი მხრივ, წუხილი გამოვთქვა, ვინაიდან სანქცირების ეს პოლიტიკა მოდის და აზარალებს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ ეს არის რეალური აუცილებლობა, რათა კრისტალიზირდეს, ვინ მოქმედებს ამ ქვეყანაში საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

აშშ-ი რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.