ლევან ბეჟაშვილი - მზად ვართ, წავიდეთ გარკვეულ დათმობებზე, თუმცა არსებობს ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების წინაპირობები
ლევან ბეჟაშვილი - მზად ვართ, წავიდეთ გარკვეულ დათმობებზე, თუმცა არსებობს ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების წინაპირობები

მზად ვართ, წავიდეთ გარკვეულ დათმობებზე, თუმცა არსებობს ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების წინაპირობები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა კრისტიან დანიელსონის ჩართულობით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელების თაობაზე განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, მოლაპარაკების პირველი ეტაპი „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო და ახლა პასუხისმგებლობა მასზეა.

„პირველი რაუნდის დროს სიტუაცია არც მივიდა ოპოზიციასთან მოლაპარაკებამდე, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ დანიელსონთან მოლაპარაკების პირველივე ეტაპი ჩააგდო და შესაბამისად, ვერანაირი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ჩვენი ევროპელი პარტნიორების განცხადებებში ნათლად არის ასახული, რომ თუ ვინმემ უნდა დათმოს და თუ ვინმეა პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, ეს მთავრობის წარმომადგენლები არიან. ამიტომ, პირველი რაუნდიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა მთავრობაზეა. ოპოზიცია კონსტრუქციულად მოქმედებდა პირველი რაუნდის დროს, ასევე კონსტრუქციულად ვიქნებით განწყობილი მომდევნო რაუნდზე.

მთავარია, განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. ამ მიზნით მზად ვართ, წავიდეთ გარკვეულ დათმობებზე. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული წინაპირობები, ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ეს საკითხები არც უნდა განიხილებოდეს. რიგგარეშე არჩევნებთან როგორ მივალთ, ამის ფორმებთან დაკავშირებით შეთანხება შესაძლებელია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიაციის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.