ლევან ბეჟაშვილი - უკვე მერამდენედ, მელიას და „ქართული ოცნების“ განცხადებები უნისონშია ერთმანეთთან, მოვუწოდებ ყველა თანამებრძოლს, გადალახონ არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა
ლევან ბეჟაშვილი - უკვე მერამდენედ, მელიას და „ქართული ოცნების“ განცხადებები უნისონშია ერთმანეთთან, მოვუწოდებ ყველა თანამებრძოლს, გადალახონ არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილი განცხადებით, ვიცე-სპიკერის პოსტზე მის კანდიდატობასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ოპოზიციამ ისარგებლა რეგლამენტით დადგენილი კვოტით და შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა.

„პროცედურულად წარდგენილია, მაგრამ არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაამტკიცებს. ეს განცხადებები კობახიძემაც დაადასტურა გუშინ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია ამბობს: „შორს ვარ აზრისგან, რომ ვიცესპიკერობა „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო არენაზე წაადგება, განსაკუთრებით, თუ საუბარია ბეჟაშვილზე. ის არ გამოირჩევა შესაბამისი კვალიფიკაციით“.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ნიკა მელია ასეთ განცხადებას აკეთებს.

„უკვე მერამდენედ, მელიას და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები უნისონშია ერთმანეთთან მთელ რიგ საკითხებში. კობახიძისა და მელიას გუშინდელი განცხადებები ასევე უნისონში და თანხვედრაშია. ეს სამწუხარო რეალობაა და დასკვნის გამოტანის საფუძველი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა თანამებრძოლს, წევრს, გადალახონ არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა და ფსიქოლოგიური ფაქტორები, კონცენტრაცია მოახდინონ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის მთავარი ბოროტების – „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის წინააღმდეგ. სჯობს, ამ ადამიანმა არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა გადალახოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.