ლევან ბეჟაშვილი - მელიას ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეუსაბამოა რეალობასთან, სჯობს, სოსო თოფურიძე თავისი პირადი საქმეებით დაკავდეს 
ლევან ბეჟაშვილი - მელიას ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეუსაბამოა რეალობასთან, სჯობს, სოსო თოფურიძე თავისი პირადი საქმეებით დაკავდეს 

ნიკა მელიას ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან, რადგან ეს ხარჯები ღიაა. პარტიას არ აქვს იმდენი რესურსიც კი, მათ შორის არც საარჩევნო კამპანიაში, რომ გაუგებარ ხარჯებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის განცხადებაზე.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, სოსო თოფურიძის მიზანი და მოტივი გაუგებარია.

„სოსო თოფურიძე მთელი ამ წლების განმავლობაში, 9 წლის განმავლობაში არც საქართველოთი დაინტერესებულა, არც პარტიით, არც პოლიტიკით და ახლა, პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როცა პრაქტიკულად სუს-ის ნარატივით ხდება პარტიისა და ნიკა მელიას წინააღმდეგ ფეისბუქკამპანიის აგორება, მისი მიზნები, მოტივები გაუგებარია. ერთი დასკვნა შეიძლება, არსებობდეს, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს და რეალურად, მისი განცხადებები სწორედ სუს-ის ნარატივის გაგრძელებას ემსახურება“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილმა შეაფასა სოსო თოფურიძის განცხადების ის ნაწილიც, სადაც თოფურიძე ოპოზიციას საყვედურობს, რომ ხალხი მოატყუეს და ბიუჯეტიდან თანხები მიითვისეს.

ბეჟაშვილის განცხადებით, სჯობს, სოსო თოფურიძე თავისი პირადი საქმეებით დაკავდეს.

„ვფიქრობ, სჯობს ის დაკავდეს თავისი პირადი საქმეებით. 10 წლის განმავლობაში არც მოუკითხავს ქართული პოლიტიკა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი საქმიანობისგან პარტიას წლების განმავლობაში დიდი ზიანი მიადგა. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს სჭირდება ერთობა, ერთობა შიდაპარტიული, ერთობა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მთავარ პრობლემას, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ებრძოლოს და არა შიდაპარტიული გარჩევებით დავკავდეთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.