ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ შპს არ არის, არ არსებობს არანაირი ცალკე ფლანგები, დაპირისპირებული მხარეები, ყველანი ვართ სააკაშვილის გუნდის წევრები
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ შპს არ არის, არ არსებობს არანაირი ცალკე ფლანგები, დაპირისპირებული მხარეები, ყველანი ვართ სააკაშვილის გუნდის წევრები

„ნაციონალური მოძრაობა“ შპს არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მცდარია მოსაზრება რამე 40%-იან წილებზე საუბრის და ა.შ. ეს შპს არ არის. პარტია არის ერთიანი ორგანიზმი, ერთიანი სტრუქტურული გაერთიანება. აქ საუბარია ხაბეიშვილის ახალი მენეჯმენტი, ნიკა მელიას ფრთა, ფლანგი თუ დაჯგუფება და ა.შ., მაგრამ ამ პარტიაში არ არსებობს არანაირი ცალკე ფლანგები, თუ დაჯგუფებები და დაპირისპირებული მხარეები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ლიდერობით შექმნილი პარტია და ის არის ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი; მთელი გუნდი, ჩვენ, ყველანი ვართ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ერთიანი სტრუქტურული ერთეული“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გადავიდა ნიკა მელია ცალკე ოფისში, თუ პარტია ერთიანია და ორგანიზაციაში არავითარი დაპირისპირება არ არის, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ არჩევნები ორი წლის წინაც ჩაატარა „ფეისბუქის“ საშუალებით, სადაც ნიკა მელიამ გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების შემდეგ არავის დაუწყია საუბარი – ლევან ვარშალომიძის ფრთა, რაღაც წილების მოთხოვნა პარტიის მმართველობაში და ა.შ.

„ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ყველა წევრს აბსოლუტურად ღია კარს. არ არის აუცილებელი არც კაბინეტი და არც ცალკე ოფისი იმისთვის, რომ პარტიული ცხოვრებით დაკავდე. ჩვენ ამის გამოცდილება და მაგალითები უამრავი გვქონია ჩვენი პარტიული ცხოვრების ისტორიაში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ლევან ხაბეიშვილის პასუხისმგებლობას არსებულ დაძაბულობაში, რადგან ის ამომრჩეველს პარტიის ერთიანობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა ფაქტია, არჩევნებიდან სამი თვის თავზე კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა, ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ეს კრიზისი არ არის.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა სახით არის დღეს ჩართული დავით კეზერაშვილი პარტიის საქმიანობაში, როგორია მისი ჩართულობა დაფინანსების კუთხით და დააზიანა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯი „ბიბისის“ ფილმში მოყვანილმა ფაქტებმა და მასალებმა, ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დავით კეზერაშვილის მიერ არ ფინანსდება, ხოლო „ბიბისის“ ფილმში საუბარი არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის დაფინანსებაზე.

ლევან ბეჟაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაციების გავრცელებით, თითქოს იგეგმება ლევან ხაბეიშვილის მისით ან პეტრე ცისკარიშვილით ჩანაცვლება, მმართველი გუნდი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი ცვლილებები არ იგეგმება და ლევან ხაბეიშვილის შეცვლა გამორიცხულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პარტიიდან რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის წასვლასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად არის დანაკლისი, თუმცა მათი გადაწყვეტილების საფუძველი საპარლამენტო ბოიკოტის საკითხი არ ყოფილა და ამას სხვა პოლიტიკური საფუძვლები ედო, რაც უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ცხადი გახდეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა გამოიძიოს თუ არა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე პერიოდიც, რაც ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნაა, ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიამ თავისი იურისდიქცია აუცილებლად უნდა განსაზღვროს და, მათ შორის, ის საფუძვლებიც, რომელმაც სასამართლოში კლანური რეჟიმის ჩამოყალიბება უზრუნველყო, მაგრამ, მეორე მხრივ, 11 წლის თავზე 2012 წლამდე არსებულ პრობლემებზე და საკითხებზე კვლავ საუბარი წარმოუდგენელია.