ლევან ბეჟაშვილი - კიევში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება იქნება ომში მყოფი სახელმწიფოსთვის კონკრეტული დახმარება
ლევან ბეჟაშვილი - კიევში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება იქნება ომში მყოფი სახელმწიფოსთვის კონკრეტული დახმარება

ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლა ნამდვილად კარგი იყო, ისეთი ამოცანები იქნა დასახული, რომელიც ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და ოპოზიციამაც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისგან ოპოზიციამ კრიტიკაც მოისმინა, თუმცა ბევრ რამეში არ ეთანხმება.

„მოვისმინეთ ასევე კრიტიკა, თუმცა შეიძლება, ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ამ კრიტიკაში, განსაკუთრებით ოპოზიციის ნაწილში. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვები, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არა ცოდვებზე საუბარი, არა კრიტიკა, რადგან კრიტიკას, განსხვავებულ აზრს, რადიკალურ პოზიციებს მაშინ აქვს აზრი, თუ ქვეყანა აგრძელებს განვითარებას და დაპირისპირებული მხარეები ფიქრობენ, რომ მომავლისთვის მათი აზრი არის უპირატესი. მაგრამ თუ ქვეყანა დგას განადგურების საფრთხის წინაშე, სრულიად კარგავს შინაარსს ჩვენი ხედვები, რადგან არ უწერია არც ერთს განვითარების პერსპექტივა. სწორედ ასეთი რეალური საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. გეოპოლიტიკური კატაკლიზმების ეპოქაში ვიმყოფებით, ახალი მსოფლიო კონფიგურაცია იქმნება და მნიშვნელოვანია, რა პოზიციას, რა მხარეს დაიკავებს ქვეყანა, ვინაიდან ეს პოზიცია გადაწყვეტს, განსაზღვრავს უახლოესი 20 წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიას, სად იქნება ქვეყანა და რა პერსპექტივით. საქართველომ 90-იანებში შიდა დაპირისპირებით, გაუშვა ეს შესაძლებლობა მოხვედრილიყო პროგრესული სახელმწიფოების გვერდით და დღესაც, სამწუხაროდ, ამ პროცესს, ახალი მსოფლიო გადალაგების პროცესს, აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა ქვეყანა.

ამასთან, ბეჟაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინას სჭირდება.

„ეროვნული თანხმობისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ვფიქრობ, უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტმა, რადგან არ შეიძლება მიღწეული იქნას ეროვნული თანხმობა ქვეყანაში, სადაც 650 ათასი ამომრჩევლის, 35 პროცენტზე მეტი ამომრჩევლის ნება არის უგულებელყოფილი. დღეს, როდესაც მსოფლიო მედიები და წამყვანი საშუალებები ციტირებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მათ წლების წინ აფრთხილებდა მოსალოდნელ საფრთხეებზე, დღე ეს ადამიანი არის ციხეში, რომელმაც პუტინს პირველად დაარქვა ბოროტების სახელი. მნიშვნელოვანი იქნება გავითვალისწინოთ ელექტორატის ეს მოთხოვნა და პრეზიდენტს მოგმართავთ თხოვნით, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, პრეზიდენტის მრჩეველი და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი დღეს სჭირდება უკრაინას. კიევში მისი დაბრუნება იქნება ომში მყოფი სახელმწიფოსთვის კონკრეტული დახმარება. ამიტომ, გთხოვთ ეს გავითვალისწინოთ და მივცეთ მას ეს შანსი. ამავდროულად, ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა გადმოგცეთ მისი წერილი, სადაც ის გამოდის ინიციატივით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ვინაიდან დღეს რასაც აკეთებს ეს ადამიანი, ეს ლიდერი, ეს არის უკრაინის ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა. ამიტომ, გთხოვთ ეს შუამდგომლობა გაითვალისწინოთ, დააკმაყოფილოთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.