ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლება ცდილობს, ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ანტიპიარი აწარმოოს
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გაიმართა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე ისაუბრა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ორმა პირმა დატოვა.
მისი თქმით, ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო კამპანიის ანტიპიარის წარმოებას ცდილობს.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბმა არ გადაიხადა თანხა შტაბის დაქირავებისა და ა. შ. ამაზე რამდენიმე დღის განმავლობაში „ფეიკნიუსების“ უხეშ კამპანიას ადევნებდა თვალს საზოგადოება. დღეს ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მოტყუებით ჩართული იქნა ამ კამპანიაში, მოვიდა ჩვენთან ოფისში და მოგვიყვა სიმართლე, რაც რეალურად მოხდა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა და ედემ თოდუა წარადგინა.
მისი თქმით, გარკვეულმა ძალებმა ედემ თოდუას მდგომარეობა გამოიყენეს „ფეიკნიუსების“ საწარმოებლად. ასევე ბეჟაშვილის განცხადებით, მეორე პირი გოგა ზუხბაია მათ წინააღმდეგ კამპანიას სპეცსამსახურების ზეწოლის გამო აწარმოებდა.
„გოგა ზუხბაია დაუკავშირდა ედემ თოდუას და გარკვეული გარიგების საფუძველზე, მოტყუებით, სთხოვეს გარკვეული განცხადებები გაეკეთებინა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ედემ თოდუას თქმით, მან მართლაც უთხრა ჟურნალისტს, რომ პარტიას ტოვებდა, თუმცა შეცდა და არ იცის, რატომ თქვა. თუმცა ამასთანავე, თოდუამ აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა.
„მოღალატალე არა ვარ, შევცდი. შეხვდი ზუხბაიას, რომელმაც მითხრა, რომ ერთ კაცს უნდა შეხვედროდა და მასთან ერთად წავსულიყავი. გავედით ერთად და შემხვდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მკითხა, მივცემდი თუ არა ინტერვიუს, რომ ნაწყენი ვიყავი. ვუთხარი ნაწყენი ვარმეთქი. შტაბში ვმუშაობდი, არ გადაგვიხადეს… არ ყოფილა ზეწოლა, აზრზე არ ვარ, რა მომივიდა იმ მომენტში. არაფერი ზეწოლა არ ყოფილა, შევცდი“, – განაცხადა თოდუამ.
ედემ თოდუასთან ჟურნალისტებს სხვა კითხვებიც ჰქონდათ, თუმცა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ის მედიას გაარიდეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 30-მდე კოორდინატორმა ხელფასების გადაუხდელობის მიზეზით დატოვა, მათ შორის იყვნენ ედემ თოდუა და გოგა ზუხბაია.