ლევან ბეჟაშვილი - კარგია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა, თუმცა მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ვერსიაც გადაიგზავნოს
კარგია, რომ, საბოლოო ჯამში, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა, თუმცა მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ვერსიაც გადაიგზავნოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ევროპელ პარტნიორებს სრულ სურათს მისცემდა და საკითხის სრულფასოვნად განხილვა მოხდებოდა.
ამასთან, როგორც ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებას მოუწევს, ვენეციის კომისიის დასკვნა გაითვალისწინოს.
„გაუგებარია „ქართული ოცნების“ გაჯიუტება. ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდების მიუხედავად, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაგზავნილიყო, გაჯიუტდნენ. კარგია, რომ, საბოლოო ჯამში, კანონპროექტი გადაიგზავნა, თუმცა მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ვერსიაც გადაიგზავნოს, რაც ევროპელ პარტნიორებს სრულ სურათს მისცემდა და საკითხის სრულფასოვნად განხილვა მოხდებოდა. ვენეციის კომისია დასკვნას წერს როგორც სამართლებრივ ჭრილში, ასევე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. შესაბამისად, მათი შენიშვნები მნიშვნელოვანია. ვენეციის კომისიის ბუნებიდან გამომდინარე, ისინი აუცილებლად შეისწავლიან პოლიტიკურ კონტექსტს და იმას, რამდენად შეესაბამება ცვლილებები არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ხელისუფლებას მოუწევს, ან დასკვნა გაითვალისწინოს, ან ვენეციის კომისიის დასკვნა დაედება ევროკომისიის უარყოფით გადაწყვეტილებას, რადგან 12 პუნქტი შესრულებული არ იქნება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.