ლევან ბეჟაშვილი - ივანიშვილის დღევანდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ პოლიტიკიდან არ წასულა
ლევან ბეჟაშვილი - ივანიშვილის დღევანდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ პოლიტიკიდან არ წასულა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ ის პოლიტიკიდან არ წასულა. ბეჟაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ შიდაპარტიული ინტრიგებით არის დაკავებული.

„ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა, ის პოლიტიკაშია, მართავს ქვეყანას და დღევანდელი სავალალო მდგომარეობაც სწორედ მისი პასუხისმგებლობაა. ნაცვლად პრობლემების მოგვარებისა, „ქართული ოცნება“ დაკავებულია შიდაპარტიული ინტრიგებით. გახარია იყო სწორედ მათი გაგრძელება, მათი პროექტი. გახარია სწორედ პრეტენზიას აცხადებს ყოფილი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე. ყველა გამოვკითხეთ, 8-10% „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გახარიას მიაქვს. ბუნებრივია, ეს მათთვის საგანგაშო და საფრთხეა, ჩამოშლის პირას არიან. 43% არჩევნების ბარიერი უკვე საფრთხის წინაშეა. ბუნებრივია, ეს განაპირობებს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ივანიშვილის ამ განცხადების მიუხედავად, ჩვენ არაერთხელ მთელი ამ წლების განმავლობაში ვნახეთ „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიები. თუნდაც „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული სოციალისტები“, რომლებიც პარლამენტში შესვლისთვის გამოიყენეს. უამრავი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი ჩნდებოდა, რომელიც მათ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა. საზოგადოება ამას ვერ ირწმუნებს, ეს განცხადება ბევრ ტყუილს შეიცავს და აქედან გამოსჭვივის, რომ „ქართული ოცნება“ საფრთხეს გრძნობს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.