ლევან ბეჟაშვილი - იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უმრავლესობა, ვადაგასულ საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, ეს არის ძალაუფლების მიტაცება
ლევან ბეჟაშვილი - იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უმრავლესობა, ვადაგასულ საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, ეს არის ძალაუფლების მიტაცება

„ქართულმა ოცნებამ“ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას ერთხელ უკვე მოპარეს არჩევნები საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და ამჯერად, ისინი ახდენენ არჩევნების შედეგების გადაწერას საკრებულოებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ბეჟაშვილი მარტვილის, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების მიტაცების ფაქტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე.

„იქ, სადაც არ აქვს „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა, ვადაგასულ საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც თავისი არსით არის ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისთვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა. სახეზე გვაქვს შეთანხმებული მოქმედება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბისა და ცენტრალური საარჩევო კომისიის და ამ პროცესში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთხელ შეასრულა არჩევნების შედეგების გამყალბებლის მთავარი როლი, ვინაიდან განზრახ და მიზანმიმარულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი, მაშინ, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ შეჯამებული იყო 13 ნოემბერს და შესაძლებელი იყო აქამდე დანიშნულიყო ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი და მათ განეხორციელებინათ საბიუჯეტო უფლებამოსილება. ვადაგასული საკრებულოების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით, მეცხრე თავით განსაზვრული თვითმმართველობის ორგანიზების წარმომადგენლობითობისა და ექსკლუზიურობის პრინციპებს, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის საკრებულოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და მათ შორის, ახლად არჩეული საკრებულოსი, განსაზღვროს შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში საბიუჯეტო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და სახელმწიფო ბიუჯეტი არის ძირითადი წყარო ადგილობრივი ბიუჯეტების ფინანსებისა, „ხელისუფლების მოქმედება, რომ ვადაგასულ საკრებულოებს დაემტკიცებინათ ბიუჯეტი, არის სწორედ რომ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი“.

ბეჟაშვილის განცხადებით, არგუმენტი, რომ ძველ საკრებულოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, არის არარელევანტური.

​„ვინაიდან ეს ნორმა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა საკრებულოების არჩევნების გადავადება ან ბათილად გამოცხადება და რომ არ შექმნილიყო საკანონმდებლო ვაკუუმი, ძველ საკრებულოებს ექნებოდათ უფლებამოსილება. მაშინ, როცა ახალი საკრებულოები არჩეულია და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე ჰქონდა განსაზღვრული ვადა ახალი საკრებულოების სხდომის დანიშვნის, გუშინდელი მოქმედება იყო პირდაპირი დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ძალაუფლების მიტაცება, ყველაზე მძიმე დანაშაული და ბუნებრივია, ცესკო-სთან ერთად „ქართულ ოცნებასაც“, როგორც პოლიტიკურ ძალს, ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა. ამიტომ, ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროცესს წავიღებთ სასამართლოებში და აუცილებლად ჩვენ ოპოზიციონერ საპარალამენტო კოლეგებთან ერთად მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება, ვინაიდან ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულებელვყოთ თუ ქვეყანაში გვინდა სამართლიანობა და კანონიერება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.