ლევან ბეჟაშვილი - იმედია, ხელისუფლებას ეყოფა პოლიტიკური გამბედაობაც და პასუხისმგებლობაც, ისეთი წინადადებები შემოგვთავაზოს, რომლებიც სიტუაციიდან გამოსავალს გვაჩვენებს
ლევან ბეჟაშვილი - იმედია, ხელისუფლებას ეყოფა პოლიტიკური გამბედაობაც და პასუხისმგებლობაც, ისეთი წინადადებები შემოგვთავაზოს, რომლებიც სიტუაციიდან გამოსავალს გვაჩვენებს

იმედია, ხელისუფლებას ეყოფა პოლიტიკური გამბედაობაც და პასუხისმგებლობაც, ისეთი წინადადებები შემოგვთავაზოს, რომელიც სიტუაციიდან გამოსავალს გვაჩვენებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი ჩაიშალა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ისეთი წინადადებების წარმოდგენა, რომელიც განხილვადი მაინც იქნებოდა.

„პოლიტიკური გამბედაობა გულისხმობს, რომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადაწყვეტის მექანიზმებსა და მათ მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ კომპრომისებისთვის, თუ შენარჩუნდება მთავარი ღირებულებები, რაც საზოგადოების ინტერესშია. ეს არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. კრიზისი გამომდინარეობს იქიდან, რომ არჩევნები გაყალბდა და ამოცანად გვესახება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ თუ სხვა ნებისმიერ საკითხზე ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის.

მოლაპარაკების პირველი რაუნდი ჩაიშალა სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ისეთი წინადადებების შემოთავაზება, რომელიც განხილვადი მაინც იქნებოდა არამარტო ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ოპოზიციის საკითხების განხილვამდე არც კი მივიდა საქმე. იმედია, მეორე რაუნდში ხელისუფლებას ეყოფა პოლიტიკური გამბედაობაც, ლოიალობაც და პასუხისმგებლობაც, ისეთი წინადადებები შემოგვთავაზოს, რომელიც სიტუაციიდან გამოსავალს გვაჩვენებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილი აქცია აუცილებლად ჩატარდება და ეს იქნება მოლაპარაკებების შედეგიანად წარმართვისთვის დამატებითი სტიმული.

„15 მაისის აქცია არ შეიტანს არსებით ცვლილებებს მოლაპარაკებების დღის წესრიგში, პირიქით, ეს არის საზოგადოების კონსოლიდაციის მომენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ხელისუფლებას ამ კრიზისის გადასაწყვეტად. ეს იქნება დამატებითი სტიმული, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად წარიმართოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ პარტიები შეთანხმებას შეძლებენ, თუკი გაბედულ კომპრომისზე წავლენ. მისივე თქმით, პოზიციების შეჯერების ადგილი საქართველოს პარლამენტია.