ლევან ბეჟაშვილი - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველანაირი საფუძველი გამოეცალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს 
ლევან ბეჟაშვილი - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველანაირი საფუძველი გამოეცალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს 

გვსურს მივულოცოთ ქართველ ხალხს, საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს გმირ სამხედროებს ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ჰააგის სასამართლომ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით დასტურდება არის ის, რომ ყველანაირი საფუძველი გამოეცალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს.

„სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაკავების განჩინებები სამი პირისთვის: მიხეილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი, დავიდ სანაკოევი.პროკურორის შეფასებით, ეს პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ ომის დანაშაულის ჩადენაში. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ამ გადაწყვეტილებით დასტურდება არის ის, რომ ყველანაირი საფუძველი გამოეცალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს და სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ ნარატივს ავითარებდა წლების განმავლობაში და თავს ახვევდა საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა „ქართული ოცნების“ ის სპეკულაციები და მანიპულაციები, როგორიცაა: ომი საქართველომ დაიწყო; ქართული მხარე კასეტურ ბომბებს იყენებდა; ომის პარტია და ასე შემდეგ. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ ლობირებდა, თანამშრომლობდა „ოცნება“, მათი მინისტრი წულუკიანი ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ქალბატონ ბენსუდას, რომელიც ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ახორციელებდა საქმის წარმოებას.

იმავდროულად, რუსეთის ფედერაცია აქტიურად იყო ჩართული სასამართლოსთვის მათი მტკიცებულებების წარდგენაში. საბედნიეროდ, პროკურორმა არ გაიზიარა ეს ყოველივე და დღეს ჩვენ შეგვიძლია, მივულოცოთ საქართველოს, ქართულ საზოგადოებას ეს მორიგი გამარჯვება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს არ დაუბომბავს „მძინარე ცხინვალი“. დადგინდა, რომ ქართული მხარე მოქმედებდა სრული სიზუსტით თავდაცვისთვის.

„პროკურორი პირდაპირ იყენებს ტერმინს „ოკუპაცია“. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული მხარე თავდაცვის უფლების განხორციელებისას, მოქმედებდა ომის წესების, იგივე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით.

მადლობა ყველას ვისაც ამ ბრძოლაში თავისი წვლილი შეჰქონდა, იუსტიციის თანამშრომლებს 2012 წლამდე და დღემდე. ქართულ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.