ლევან ბეჟაშვილი - გვერდზე უნდა გადავდოთ პირადი დამოკიდებულებები, წყენები და ვიხელმძღვანელოთ პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე
ლევან ბეჟაშვილი - გვერდზე უნდა გადავდოთ პირადი დამოკიდებულებები, წყენები და ვიხელმძღვანელოთ პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევნების პროცესთან დაკავშირებით, კულისებზე, კულუარულ გავლენებზე, სახელებისა და გვარების დასახელებაზე საუბარი არ უნდა იყოს, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომ დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი არ უნდა იყვნენ კულისებში, თუ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების პროცესში არიან ჩართულები.

ბეჟაშვილის თქმით, არჩევნების პროცესმა უნდა გააერთიანოს პარტია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევნების პროცესთან დაკავშირებით რაიმე კულისებზე, კულუარულ გავლენებზე, სახელებისა და გვარების დასახელებაზე საუბარი არ უნდა იყოს. ეს არ შეუწყობს ხელს ჯანსაღ საარჩევნო პროცესს. არჩევნების პროცესმა უნდა გააერთიანოს პარტია, ახალ თავმჯდომარეს ახალი ლეგიტიმაცია მისცეს იმ ახალი გამოწვევების წინაშე, რომელიც ქვეყნის და პარტიის წინაშეა. ვფიქრობ, ასეთი განცხადებები არ უწყობს ხელს გამჭვირვალე, ღია და სამართლიან საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება, ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ადამიანებს, ნაცვლად იმისა, რომ წვლილი შეეტანათ კონსოლიდაციასა და პარტიის გაერთიანებაში, სხვა ინტერესები ამოძრავებდათ და ნამუსი ძალიან ბევრს შევუნახე“, ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ გვერდზე უნდა გადადონ პირადი წყენები და პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელონ.

„ჩვენ თუ ჩავალთ ჩვენს პირად დამოკიდებულებებზე გარკვეულ საკითხებთან, გარკვეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, ეს არასდროს არ იყო და არც მომავალში არ იქნება პარტიის საერთო ინტერესების შესაბამისი. როდესაც ვართ პარტიის ხელმძღვანელობაში, გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა პარტიის წინაშე. გვერდზე უნდა გადავდოთ პირადი სიმპატიები, ანტიპატიები, პირადი დამოკიდებულებები, წყენები და ვიხელმძღვანელოთ პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.