ლევან ბეჟაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტში ადგილმონაცვლეების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს და საკითხი საკანონმდებლო გზით გადაწყდეს
ლევან ბეჟაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტში ადგილმონაცვლეების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს და საკითხი საკანონმდებლო გზით გადაწყდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ადგილმონაცვლეების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის ინიციატივით გამოვიდა.

მან დეპუტატებს შესთავაზა, რომ ადგილმონაცვლეების საკითხი საკანონმდებლო გზით გადაწყვიტონ.

„ხომ არ შეგვიძლია, მივაღწიოთ ბოლოს და ბოლოს იმ შეთანხმებას, რომ ადგილმონაცვლეების საკითხი გადავწყვიტოთ საკანონმდებლო გზით. მესმის, რომ ვითარებიდან გამომდინარე, მაშინდელი ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება სხვაგვარი იყო. ახლა პრაქტიკულად შეიძლება, ითქვას, აღმოჩნდა, რომ ჩვენვე ვაყენებთ ამ ინიციატივას და ვითხოვთ, ადგილმონაცვლეების საკითხი განსაზღვრული იყოს, რადგან ასე შეიძლება, მართლა მივიდეთ ნიშნულამდე, რითაც დავიწყეთ, ვიდრე შემოვიდოდით პარლამენტში. მემკვიდრეობის, პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი დაცული რომ იყოს, რაც მთავარი პრინციპია საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებისთვის, ვფიქრობ, კონსულტაციების დაწყება ამ თემასთან დაკავშირებით მაინც აქტუალური, უპრიანიც იქნება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

როგორც ცნობილია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და ბლოკის საარჩევნო სიები 2020 წელს მათივე მიმართვის საფუძველზე გააუქმა. პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, საარჩევნო სიაში მხოლოდ დეპუტატად არჩეული წევრები დარჩნენ, რომელთა უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტმა ცნო.