ლევან ბეჟაშვილი - ფსიქოემოციური ფაქტორების გათვალისწინებით, სამედიცინო მანიპულაციებით შეუძლებელია შედეგის მიღწევა, მნიშვნელოვანია გარემოს შეცვლა, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა
ლევან ბეჟაშვილი - ფსიქოემოციური ფაქტორების გათვალისწინებით, სამედიცინო მანიპულაციებით შეუძლებელია შედეგის მიღწევა, მნიშვნელოვანია გარემოს შეცვლა, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მანიპულირებს და არანაირად არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას, საზღვარგარეთ სამკურნალოდ მის გადაყვანას.

მისივე თქმით, ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ყველა რიგითი მოქალაქის აღშფოთებას იწვევს.

„ჩვენთვისაც ეს არის სიგნალი, რომ უფრო აქტიურები ვიყოთ ამ თემასთან დაკავშირებით, ყოველგვარი პოლიტიკის კონტექსტისგან თავისუფალი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთიანები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო პარტიის უფრო მეტ აქტიურობაში. ამიტომ მოწოდება, რაც გაკეთდა, ყველას მიმართ მოწოდებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 3 დეკემბერს, სამ საათზე ვიქნებით ერთიანი და ერთად გავაგონებთ ხელისუფლებას ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, რომ არ შეიძლება, სახელმწიფო ასე ექცეოდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, – „ნანახი გაქვთ თუ არა მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი“, – ლევან ბეჟაშვილი პასუხობს: „მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი ცნობილია სამართლებრივად – დასკვნებსა და ანგარიშებში გაკეთებული აქვს სხვადასხვა ექიმს. ვიწრო საზოგადოებისთვის, ბუნებრივია, ცნობილია და უფრო საჯარო საზოგადოებისთვისაც მალე გახდება ცნობილი, სასამართლოში საქმის შეტანის კვალდაკვალ“.

ამასთან, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ფსიქოემოციური ფაქტორების გათვალისწინებით, ამ გარემოში შეუძლებელია სამედიცინო მანიპულაციებით, მკურნალობით სასურველი შედეგის მიღწევა.

„სამედიცინო დასკვნებში ნათლადაა ასახული და ეს არის სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ გაკეთებული ანგარიში, სამედიცინო დასკვნა, რომ ამ ვითარებაში, ამ გარემოში, მისი ფსიქოემოციური ფაქტორების გათვალისწინებით, სამედიცინო მანიპულაციებით, მკურნალობითა და წამლებით შეუძლებელია იმ შედეგის მიღწევა, რა შედეგიც მიღწეულ უნდა იქნას. ამიტომაა აუცილებლად მნიშვნელოვანი პაციენტისთვის გარემოს შეცვლა, საზღვარგარეთ მისი გადაყვანა. ის დაავადებები, რომლებიც დასკვნებშია ნახსენები, არ ექვემდებარება ამ ვითარებასა და პირობებში სათანადო მკურნალობას, რაც ბოლო თვეებმა დაადასტურა. ანუ, ექიმები ახორციელებენ გარკვეულ სამედიცინო მანიპულაციებს, მაგრამ შედეგი სახეზე არის, პირიქით, გაუარესებული მდგომარეობა. ამ პრინციპიდან უნდა გამოვიდეთ და მივხედოთ ამ სიტუაციას“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „იუსტიციის სამინისტროს არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე და სთავაზობენ მას, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მკურნალობაში“.