„ფეისბუქის“ მიერ გაუქმებულ ანგარიშებზე ლევან ბეჟაშვილი აუდიტის სამსახურს მიმართავს
„ფეისბუქის“ მიერ გაუქმებულ ანგარიშებზე ლევან ბეჟაშვილი აუდიტის სამსახურს მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მოითხოვს, „ფეისბუქის“ მიერ გაუქმებულ ანგარიშებს შესაბამისი რეაგირება აუდიტის სამსახურის მხრიდან მოჰყვეს.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ შესაბამისი განცხადებით აუდიტის სამსახურს უახლოეს დღეებში მიმართავს.

„ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს აუდიტის სამსახური და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულირების შესახებ კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს აუდიტის სამსახურს, დაიწყოს მოკვლევა. კანონმდებლობა უკრძალავს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს ისეთი დაფინანსების განხორციელებას, რომელიც აღემატება 60 000 ლარს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. ყველა სხვა შემთხვევაში ხდება თანხების ბიუჯეტში მიმართვა და იმ პირების დაჯარიმება, რომლებმაც კანონმდებლობის ეს მოთხოვნები დაარღვიეს. ამიტომ გვინდა მივმართოთ აუდიტის სამსახურს, დაუყონებლივ მოხდეს გამოძიება. დაიკითხოს ყველა ის პირი, რომელიც „ფეისბუქის“ ანგარიშებში არიან მითითებული. ჩვენ ვნახავთ, რომ ეს არ არიან ცალკეული პირები, ეს არის მთელი ორგანიზებული ჯგუფი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუწოდებს, მოხდეს საკითხის შესწავლა.