ლევან ბეჟაშვილი - ევროპასა და აშშ-ში ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლა
ლევან ბეჟაშვილი - ევროპასა და აშშ-ში ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს.

მისივე თქმით, ევროპასა და აშშ-ში ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური, კანონიერი გზით შეცვლა.

„საქართველოს მეგობრის, დავით არახამიას განცხადება არის უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. სამწუხაროა, რომ ეს პოზიცია საქართველოს სახელმწიფოს ეხება. პრაქტიკულად, ამ პოზიციაში ნათლად ჩანს, დღეს „ქართული ოცნება“ საქართველოს რომელ მხარეს ამყოფებს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მას საქართველოში ჩამოსვლას როცა არ ურჩევენ, ამით თვალსაჩინოა, რომ უკრაინასთან მიმართებით „ქართული ოცნება“ სწორედ რუსეთის ფედერაციის მხარეს წარმოადგენს და შესაძლოა, უკრაინის ოფიციალურ პირს საფრთხეები ჰქონდეს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. საუბარი როდესაც არის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნაზე, ეს განცხადება ეხმიანება ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების საკითხს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკავშირებენ. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ დადგება ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ოფიციალური პირების სანქცირების საკითხი, რაც დარწმუნებული ვარ, გაზიარებული იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. ეს განცხადება არ უნდა ჩაითვალოს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად, ეს არის ოფიციალური პოზიცია, რომელიც აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ბევრ ქვეყანაში. ევროპასა და აშშ-ში ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური, კანონიერი გზით შეცვლა, ვინაიდან დღეს „ოცნება“ არ წარმოადგენს საქართველოს ხალხის პოზიციას უკრაინის საკითხთან, ევროპულ პერსპექტივასთან და უამრავ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ეს მოლოდინი არსებობს ჩვენს ევროპელ პარტნიორებში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილი გამოეხმაურა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში დავით არახამიას კიდევ ერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კანდიდატის სტატუსს იმსახურებს არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ ხალხი. ლევან ბეჟაშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორებისგანაც არაერთხელ მოუსმენიათ განცხადება, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხი.

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია დასავლელი პარტნიორებისგან, მათ შორის უმაღლეს დონეზე, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არცერთ კონკრეტულ ნაბიჯს არ დგამს, რათა შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა და საქართველომ ავტომატურად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილების მდგენელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც მოვითხოვთ ევროპელი პარტნიორებისგან, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ქართველი ხალხი იმსახურებს ამ სტატუსს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.