ლევან ბეჟაშვილი - ელჩი ვერც ერთის მხარეს იქნება, მათ შუამავლის ფუნქცია აქვთ, ძირითად გადაწყვეტილებებს კი ოპოზიციური პარტიები და სახელისუფლებო წარმომადგენლები იღებენ
ლევან ბეჟაშვილი - ელჩი ვერც ერთის მხარეს იქნება, მათ შუამავლის ფუნქცია აქვთ, ძირითად გადაწყვეტილებებს კი ოპოზიციური პარტიები და სახელისუფლებო წარმომადგენლები იღებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სრულიად კანონიერია მათი პოზიცია, რომ პარტიული დაფინანსება პატიული საქმიანობისთვის მიიღონ. მისივე თქმით, დაფინანსებას გაყალბებული არჩევნების შესაბამისად იღებენ.

„დაფინანსების საკითხი მოიცავს ორ თემას. ეს არის ხელფასები, რასაც ჩვენი სიით გასული პარლამენტის წევრები არ იღებენ და აბრუნებენ ხაზინაში. მეორე არის პარტიული დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლის მიერ მიღებული ხმების შესაბამისად დაფინანსების განსაზღვრასთან. აქ სავსებით კანონიერია ჩვენი პოზიცია, რომ პარტიებმა ეს დაფინანსება უნდა მიიღონ პარტიული საქმიანობისათვის. ადრე პატლამენტის წევრის რაოდენობაზე იყო გათვლილი პარტიული დაფინანსება. ვინაიდან კანონმდებლობამ ეს ვალდებულება მოხსნა, შესაბამისად, მიბმულია მხოლოდ მიღებული ხმების პროპორციულად. აი, ამ გაყალბებული არჩევნების და დაწერილი ხმების პროპორციულად ვიღებთ ახლა ჩვენ პარტიულ დაფინანსებას. ეს გაყაალბებული არჩევნებიც ჩვენდა საზიანოდ არის. მინიმუმს ვიღებთ, გაყალბებული არჩევნების შესაბამისად. თუმცა ბუნებრივია, ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 100 ათასამდე ხმა მარტო ჩვენი პარტიის არის დაკლებული და მიმატებული „ქართული ოცნებისათვის“. ამიტომ, მინიმუმს ვიღებთ და შესაბამისად, ამის კანონიერი უფლებაც გვაქვს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესში ფასილიტატორი ელჩების ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ძირითად გადაწყვეტილებებს ოპოზიციური პარტიები და სახელისუფლებო წარმომადგენლები იღებენ, ხოლო ელჩს ვერც ერთი მხარის სასარგებლო პოზიცია ვერ ექნება. ამასთან, როგორც ბეჟაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, ოპოზიციური ერთობა შენარჩუნებული იყოს და მოლაპარაკებების დროს საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად წარადგინონ.

„ელჩი ვერ იქნება ვერც ერთი მხარის სასარგებლოდ და მხარეზე. მათ აქვთ ფასილიტაციის, შუამავლის ფუნქცია და ბუნებრივია, მათი როლი შემოსაზღვრული არის. ძირითად გადაწყვეტილებებს მოლაპარაკებებში იღებენ ოპოზიციური პარტიები და სახელისუფლებო წარმომადგენლები. რაც შეეხება ადმინისტრაციის ცვლილებას, ბუნებირვია, როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში ადმინისტრაცია იცვლება, შესაბამისად, სხვა ინსტრუქციების დაგზავნა ხდება საელჩოებშიც და ბუნებიბრივია, ეს პოზიციაც სავსებით მისაღები და გასაგებია. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მიმდინარე მოლაპარაკებების დროს საელჩოების უკვე შემდგომი პოზიციები შეიცვალოს.

ამ მოლაპარაკების პროცესში ელჩების როლის გაზრდა და გაზრდილად წარმოჩენა ბუნებრივია, არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან მათ აქვთ შეზღუდული მანდატი, ძირითად გადაწყვეტილებას იღებენ მხარეები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შიდა ოპოზიციური, პარტიული ერთობა შევინარჩუნოთ. საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად წარმოვადგინოთ ამ მოლაპარაკებებში და მივაღწიოთ ხელისუფლებისაგან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროულად დაინიშნოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას ლევან ბეჟაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ერთობის მთავარი ფუნქცია ქუჩის მობილიზება და საპროტესტო აქციები არ ყოფილა. თუმცა, როგორც ბეჟაშვილი ამბობს, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში არ გადაინაცვლა, კრიზისი თავისთავად ქუჩის აქციებსაც გამოიწვევს. ბეჟაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია.

„ოპოზიციური პარტიების ერთობის მთავარი ფუნქცია არ იყო ქუჩის მობილიზება და საპროტესტო აქციები. მაშინ, როდესაც რამდენიმე რაუნდის შესაბამისად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, არ არის მიზანშეწონილი და არც გამართლებული პარალელურად ქუჩის აქციების წარმართვა. თუმცა ბუნებრივია, პოლიტიკური კრიზისი თავისათავად გამოიწვევს ქუჩის აქციებსაც, თუ პოლიტიკურმა პროცესმა არ გადაინაცვლა პარლამენტში და დარჩა ქუჩაში. ამიტომ, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ გაუწიონ ანგარიში საზოგადოების მოთხოვნილებას, საზოგადოებრივ დაკვეთას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას, იმისათვის რომ განვმუხტოთ პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი.

არჩევნების შედეგებით, დაახლოებით 60 პროცენტამდე დაუჭირა მხარი ოპოზიციურ პარტიებს და დაუჭირა მხარი იმას, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. ამიტომ, სწორედ ეს არის ძირითადი ბირთვი და მამოძრავებელი ძალა ოპოზიციური ერთობისთვის, რომ მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მხოლოდ და მხოლოდ ეს განმუხტავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ამ ეტაპზე ყურადღება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ არის მიმართული.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მუხუთე რაუნდს, ბეჟაშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია.

„თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი ახლა ჯერ ნაადრევია, მაშინ როდესაც დღევანდელი ქართული პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის, ვაიძულოთ ხელისუფლებამიტაცებული მთავრობა, დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა. ჩვენი მთავარი ამოცანა კონცენტრირებული იქნება სწორედ ამ მიმართულებით, შემდგომ უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესაამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია. მნიშვნელოვანი არის, რომ ხელისუფლება არ თმობს თავის პოზიციებს და ბუნებირვია, ჩვენი პოზიციაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ურყევია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ პოზიციების დაახლოების შემთხვევაში, მოხდეს მეხუთე რაუნდის გამართვა. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით პერსპექტივები არ ჩანს. თუ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, ეს ნიშნავს, რომ ერთპარტიული პარლამენტი რჩება ამ ქვეყნის მთავარ პრობლემად და პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება არა პარლამენტში, არამედ ქუჩში. ესეც ალტერნატივაა გარკვეული პოლიტიკური პროცესების და ბუნებრივია, ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან, რომ გარედან ხალხისა და საზოგადოების მხარდაჭერით მოვახდინოთ ხელისუფლებაზე ზეწოლა იმისათვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები.

მოლაპარაკებები შიდა ოპოზიციურ პარტიებს შორის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ზოგადად ერთიანობის შესანარჩუნებლად და ვიპოვოთ დაახლოების გზები. თუმცა, მთავარი ამოსავალი დებულებებიც განსაზღვრული უნდა იყოს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არის არა რომელიმე პარტიის ახირება ან დაჟინებული მოთხოვნა, არამედ საზოგადოებრივად აუცილებელი იმისათვის, რომ გადაწყდეს ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი. რა თქმა უნდა, ჩვენ ელისაშვილთან, „გირჩთან“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ვაგრძელებთ მოლაპარაკებას. როგორც ჩემთვის ცნობილია ელისაშვილთან შეხვედრა უკვე ჩანიშნული არის იანვრის ბოლოს. ყოველდღიურ რეჟიმშიც მიმდინარეობს ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.