ლევან ბეჟაშვილი - დღეს დაუმორჩილებლობაზე გადის ღირსების საქმე, კანონს ვერ დავიცავთ, რადგან ამ ქვეყანაში კანონი აღარ არსებობს
ლევან ბეჟაშვილი - დღეს დაუმორჩილებლობაზე გადის ღირსების საქმე, კანონს ვერ დავიცავთ, რადგან ამ ქვეყანაში კანონი აღარ არსებობს

მთელი პარტიული აქტივი მობილიზებული ვართ, რომ არ დავუშვათ სამართლებრივ სივრცეს გარეთ გასული პროკურატურის, პარლამენტის და სასამართლოს გადაწყვეტილებები. არ დავუშვებთ, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილებები „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანოს სისრულეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „დღეს ნიკა მელია იცავს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხელისუფლებისგან არის დაზარალებული“.

ბეჟაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფიზიკური დაცვა მოხდეს.

„ჩვენ მხარს გვიჭერს ქართული საზოგადოება, ოპოზიციის მთელი სპექტრი. დღეს სამართლიანობის ბედი წყდება ამ შენობაში. დღეს ნიკა მელია იცავს არა მარტო თავის თავს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხელისუფლებისგან არის დაზარალებული. დაუმორჩილებლობა დღეს ქართული საზოგადოების მოვალეობა გახდა, რადგან ვხედავთ, რომ ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ ძალმომრეობით ელაპარაკოს ქართულ საზოგადოებას, სხვა არაფერი დარჩენია. არ გამოვრიცხავთ, რომ ფიზიკური დაცვა მოხდეს ამ შენობის. ამ შენობაში შემოსვლის უფლება სამართალდამცველებს არ ექნებათ, რადგან მათ უნდა დაასაბუთონ, რა გადაწყვეტილების საფუძველზე მოდიან. ჩვენ ყველა კანონიერ საშუალებას მივმართავთ, რომ დავიცვათ სამართლიანობა. კანონს ვერ დავიცავთ, რადგან ამ ქვეყანაში კანონი აღარ არსებობს და ერთპარტიულმა პარლამენტმა აჩვენა, რომ კანონგარეთ არიან გასულები. არ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლება კუნთების თამაშს შეეცდება. დღეს დაუმორჩილებლობაზე გადის ღირსების საქმე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.