ლევან ბეჟაშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისრის გუშინდელი განცხადება შეასრულოს
ლევან ბეჟაშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისრის გუშინდელი განცხადება შეასრულოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადება გაითვალისწინოს.

მისივე თქმით, კანონპროექტი სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისრის გუშინდელი განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს სამართლებრივი შეფასებისთვის“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გამართავენ.

„ევროკომისრის პოზიციას ვიზიარებთ და ჩვენ მიერ მომზადებულ ცვლილებებშიც გათვალისწინებულია არა სახელდება იმისა, ვინ მოიაზრება ოლიგარქიაში, არამედ ინსტიტუციურად როგორ არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ ოლიგარქიული მმართველობის ჩამოყალიბება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ჩვენ მიერ მომზადებულ ცვლილებებზე კონსულტაციას გავმართავთ ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე განაცხადა: „ჩვენი კრიტერიუმები არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიღაც ადამიანს. დეოლიგარქიზაციაზე ქვეყანას ვთხოვეთ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე ქვეყანას, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში“.