ლევან ბეჟაშვილი - დავით კეზერაშვილზე ნიკა მელიას განცხადებას არ ვეთანხმები, ვფიქრობ, ამ თემის წამოწევა მცდარი იყო
ლევან ბეჟაშვილი - დავით კეზერაშვილზე ნიკა მელიას განცხადებას არ ვეთანხმები, ვფიქრობ, ამ თემის წამოწევა მცდარი იყო

დავით კეზერაშვილზე ნიკა მელიას განცხადებას არ ვეთანხმები, რადგან ვფიქრობ, მცდარი იყო ამ თემის წამოწევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

„მოამბის“ წამყვანმა ლევან ბეჟაშვილს კითხვა დაუსვა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებული განცხადების შესახებ, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ბეჟაშვილის თქმით, ნიკა მელიას განცხადებამ შიდაპარტიული ზიანი გამოიწვია, რაც მისივე განცხადებით, „შიდაპარტიულ დისკუსიაში ადვილად მოსაგვარებელი იქნება“.

„ვფიქრობ, ამ თემის ხელოვნური წამოწევა არ იყო პარტიის ინტერესებში, რადგან რეალურად, ოლიგარქის ცნება რას გულისხმობს, გულისხმობს, რომ მდიდარ ადამიანს, რომელსაც გავლენა აქვს ეკონომიკაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მედიაზე და ასე შემდეგ, იმავდროულად გავლენა აქვს სახელისუფლებო რესურსების გამოყენებაზე. ანუ ხელისუფლებას მართავს, ხელისუფლებას შეუძლია, მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებები მიიღოს. ამიტომ, ამ ტრადიციულ ცნებაში კეზერაშვილი ვერანაირად ვერ მოხვდებოდა და ის, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი არიან თურმე ოლიგარქები და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ეს ხომ „ქართული ოცნების“ ნარატივია.

ნიკა მელიას განცხადებას არ ვეთანხმები, რადგან ვფიქრობ, მცდარი იყო ამ თემის წამოწევა და ბუნებრივია, ამან შიდაპარტიული ზიანი გამოიწვია, მაგრამ ეს შიდაპარტიულ დისკუსიაში ადვილად მოსაგვარებელი იქნება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდგომ ეთერებში ნიკა მელიამ შესაბამისი დაზუსტებები და განცხადებები გააკეთა და ამ მხრივ, მგონი დასამატებელიც არაფერი აღარ არის.

ამასთან, კითხვაზე, განიხილება თუ არა ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ არ განიხილება.

„არ განიხილება. ნიკა მელიას გადაყენების საკითხი ახლა არ არის მთავარი ამოცანა არც ჩვენი შიდაპარტიული და არც ქვეყნის შიდაპოლიტიკური საკითხი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.