ლევან ბეჟაშვილი - დასავლელი პარტნიორები, უკრაინა საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მოიაზრებენ, საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება
ლევან ბეჟაშვილი - დასავლელი პარტნიორები, უკრაინა საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მოიაზრებენ, საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება

უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამწუხარო რეალობას. დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უკრაინა საქართველოს რუსეთის ფედერაციის ორბიტაზე მოიაზრებენ, საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთის ინტერესებს გამოხატავს.

„მთელი სამყარო უკრაინისადმი სოლიდარობით როცა არის დაკავებული და მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ეხმარება, ამ ვითარებაში საქართველო რუსეთის ფედერაციის ინტერესებს გამოხატავს. ბუნებრივია, ეს განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. პრაქტიკულად, საქართველო არაფერს აკეთებს, რათა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ქმედითი და არსებითი სოლიდარობა გამოუცხადოს. ჩვენ ვხედავთ ფრენების აღდგენას, საზღვაო გზების გახსნას, უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. ყველა ეს ქმედება რუსეთს აძლევს ხელს, რომ სანქციებს გვერდი აუაროს. ეს ყველაფერი აღშფოთების საფუძველს იძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა, ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.