ლევან ბეჟაშვილი - ჩვენ უნდა დავწეროთ ოლიგარქიის შესახებ კანონის ქართული ვერსია, სხვა შემთხვევაში შემოთავაზებული ცვლილება იქნება საკანონმდებლო თვალთმაქცობა
ლევან ბეჟაშვილი - ჩვენ უნდა დავწეროთ ოლიგარქიის შესახებ კანონის ქართული ვერსია, სხვა შემთხვევაში შემოთავაზებული ცვლილება იქნება საკანონმდებლო თვალთმაქცობა

უკრაინის მოდელი აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ ვითარებას შეეხება. უკრაინული ვერსიის გადმოკოპირება და თარგმნა არ არის საკანონმდებლო რეგულირება, რადგან უკრაინაში აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა. იქ არჩეულია დემოკრატიული ხელისუფლება და არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი ოლიგარქიული გავლენის ქვეშ არ არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში სახეზეა ყველა ნიშანი ოლიგარქიული მმართველობის, რადგან სახელმწიფო მიტაცებულია და ეს ასახულია საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დასკვნაშიც.

„ბუნებრივია, ოლიგარქიის შესახებ კანონის ვერსია მოწონებული იქნებოდა ევროპული სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ საქართველოს რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საკანონმდებლო რეგულირება სჭირდება იმ ვითარებას, რაც საქართველოშია. ჩვენ ოლიგარქი გვყავს, ასევე ოლიგარქიული გავლენის ქვეშ მყოფი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია და რომლის დამფუძნებელია ოლიგარქი. სახეზეა ყველა ნიშანი ოლიგარქიული მმართველობის, რადგან სახელმწიფო მიტაცებულია და ეს ასახულია საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დასკვნაშიც. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავწეროთ ოლიგარქიის შესახებ კანონის ქართული ვერსია, რომელიც თანამედროვე ქართულ რეალობას შეესაბამება. სხვა შემთხვევაში შემოთავაზებული ცვლილება იქნება საკანონმდებლო თვალთმაქცობა. ამიტომ მოვუწოდებ უმრავლესობას, ერთობლივად შევიმუშავეთ კანონპროექტი. ჩვენ პიროვნებებზე არ უნდა გავამხილოთ ყურადღება და უნდა ავსახოთ ის ვითარება, რომელიც არსებობს, პრევენციული კანონპროექტი უნდა შევქმნათ. საპარლამენტო ოპოზიცია მუშაობდა ანტიოლიგარქიული კანონის თავის ვერსიაზე. ბუნებრივია, აზრთა სხვაობები არსებობს და ვიმედოვნებ, რომ ამ ორი ვერსიის შეჯერება მოხდება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.