ლევან ბეჟაშვილი - ბოლო დროს „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ორკესტრირებულად ესხმოდნენ თავს მიხეილ სააკაშვილს
ლევან ბეჟაშვილი - ბოლო დროს „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ორკესტრირებულად ესხმოდნენ თავს მიხეილ სააკაშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ არ იყოს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და თუნდაც თავდასხმებიდან გამომდინარე განხილული. ეს განმარტება ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა თემაზე, იზიარებს თუ არა პარტია მიხეილ სააკაშვილის შეფასებებს გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით.

„მთავარი აქ არის ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება. ის, რომ კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ ადამიანზე რა შეხედულებას დააფიქსირებს, ეს არ უნდა იყოს ერთიანი პოლიტიკური პარტიის პოზიცია“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა. შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა პირადად ბოკერიასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერის პოზიციას, ბეჟაშვილს აღარ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ბოლო დროს „ევროპული საქართველის“ ლიდერები ორკესტრირებულად ესხმოდნენ თავს მიხეილ სააკაშვილს. ბეჟაშვილის თქმით, ინტერვიუს ეს ნაწილი სწორედ მსგავსი თავდასხმების გამოძახილი იყო.

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ. შეინარჩუნოს ერთიანობა და მთავარი მოწინააღმდეგე განვსაზღვროთ ბიძინა ივანიშვილის სახით. ​სამწუხაროა, რომ ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ ორკესტრირებულ თავდასხმას „ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი ლიდერისგან მიხეილ სააკაშვილზე. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ იმის ხაზგასმას, რომ ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს ამ ორ პარტიას შორის. მაშინ, როცა მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის არის ბიძინა ივანიშვილი. სამწუხაროდ ზოგიერთი ლიდერი ოპოზიციური პარტიიდან მთავარ სამიზნედ მიხეილ სააკაშვილს ხდის. ეს არის პრობლემა და ეს არის გამოძახილი ამ ინტერვიუს მცირე ნაწილისა“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

მისივე განმარტებით, ახლა მთავარია ოპოზიციური ერთიანობის შენარჩუნება, იმისათვის რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდეს და ეს მიხეილ სააკაშვილმა თავის ინტერვიუშიც არერთხელ აღნიშნა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.

დატოვე კომენტარი