ლევან ბეჟაშვილი - არსებობს მონიტორინგის სამსახური, რომელიც პარტიების ფინანსებზე კონტროლს ახორციელებს, არცერთ პარტიას კითხვებზე პასუხების გაცემის პრობლემა არ აქვს
ლევან ბეჟაშვილი - არსებობს მონიტორინგის სამსახური, რომელიც პარტიების ფინანსებზე კონტროლს ახორციელებს, არცერთ პარტიას კითხვებზე პასუხების გაცემის პრობლემა არ აქვს

არსებობს მონიტორინგის სამსახური, რომელიც პარტიების ფინანსებზე კონტროლს ახორციელებს, არცერთ პარტიას კითხვებზე პასუხების გაცემის პრობლემა არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ უფლება აქვს, გამოძიება ჩაატაროს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

„„ქართული ოცნების“ მუქარები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. ყველა არჩევნების წინ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღიძვრება საქმე და ყველა ოპოზიციური პარტიის, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს იბარებენ სუს-ში. ეს საქმეები არავის გამოძიებული და არც დასრულებული უნახავს. ახლაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ხერხია, კიდევ ერთხელ დააშინოს პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც, ბუნებრივია, შედეგს ვეღარ მოიტანს, დაშინებას შედეგი აღარ მოაქვს. დღეს ქართული საზოგადოება მიხვდა, რომ ქვეყანას „რუსული ოცნება“ მართავს და „რუსულ ოცნებას“ სხვანაირი პერსპექტივიდან უნდა ვესაუბროთ და ვებრძოლოთ.

არსებობს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც პარტიების ფინანსებაზე კონტროლს ახორციელებს. თითქმის ყოველთვიურ რეჟიმში ხდება ანგარიშგება. ამიტომ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს და არცერთ პარტიას არ აქვს პრობლემა ამ მიმართულებით კითხვებზე პასუხის გაცემის. „ქართულ ოცნებას“ უფლება აქვს, გამოძიება ჩაატაროს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარია, კონცენტრირდნენ პრობლემაზე, როგორიც არის კორუფცია სახელისუფლო სისტემებში, სადაც ჩართულია ყველა თანამდებობის პირი როგორც უმაღლეს, ისე მუნიციპალურ დონეზე და გამოიძიონ ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პარტიული ღონისძიებები. ამიტომ ჯერ თავიანთ ბოსტანს მიხედონ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება, ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“.