ლევან ბეჟაშვილი - არის იდეა, პარტიის გარშემო შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარე იქნება სააკაშვილი, ეს იქნება ნაბიჯი გაერთიანებისკენ, კონსულტაციები მიმდინარეობს მელიასთან და ნაყოფიასთან
ლევან ბეჟაშვილი - არის იდეა, პარტიის გარშემო შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარე იქნება სააკაშვილი, ეს იქნება ნაბიჯი გაერთიანებისკენ, კონსულტაციები მიმდინარეობს მელიასთან და ნაყოფიასთან

მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მოლაპარაკებები იდეაზე, რაც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო საბჭოს, პლატფორმის შექმნას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, მოვახდინოთ მობილიზაცია ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის, ყველა ადამიანის, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოს შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„პოლიტსაბჭოზე დღეს ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა, ვინაიდან ჯერ მოლაპარაკების და დამუშავების ეტაპზეა ეს თემა. ბუნებრივია, როგორც კი გამოიკვეთება შესაძლო შეთანხმებების მიღწევის კონტურები, ეს საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის განმარტებით, საუბარი არ არის არანაირი მმართველობითი, ფორმალური, თუ არაფორმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე.

„საუბარია პლატფორმაზე, ყველა დაინტერესებული პირისთვის შესაძლებლობაზე, მიიღოს მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში და ჩამოვაყალიბოთ საერთო ხედვები, როგორი უნდა იყოს ოპოზიციურ ველზე და ზოგადად საარჩევნო გარემოში ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციონირება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით უნდა იყოს მიღებული. არანაირი მმართველობითი ფუნქციების ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, „ვის მოიაზრებთ ამ საბჭოში, რომელ სახეებს გულისხმობთ?“, – ლევან ბეჟაშვილი პასუხობს, რომ იგულისხმება ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აქტიურად არ არის ჩართული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მართვის პროცესში, აქვს დამსახურება და მონაწილეობა მიღებული პარტიის განვითარებაში.

„ბუნებრივია, ეს იქნება ერთგვარი სათათბირო საბჭო, რომელშიც მოხდება ყველა აქტუალური საკითხის განხილვა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაც“, – დასძინა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „საბჭოში მოიაზრებიან თუ არა კობა ნაყოფია, ეკა ხერხეულიძე, აკაკი მინაშვილი, ნიკა მელია“, – ლევან ბეჟაშვილი პასუხობს: „ბუნებრივია, ეს დასახელებული გვარებიც და სხვა გვარებიც“.

ამავდროულად, კითხვის პასუხად ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს ნიკა მელიასთან და კობა ნაყოფიასთან.