ლევან ბეჟაშვილი - არასაპარლამენტო ოპოზიციასთან საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ წინადადებებზე მუშაობა არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასაპარლამენტო ფორმატში რჩება
ლევან ბეჟაშვილი - არასაპარლამენტო ოპოზიციასთან საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ წინადადებებზე მუშაობა არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასაპარლამენტო ფორმატში რჩება

პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას შეუძლია, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული საარჩევნო კოდექსის ალტერნატიული წინადადებები გაითვალისწინოს საერთო დოკუმენტში ან ახალი საკითხის ინიცირება მოხდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებისთვის პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შანსი.

„არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი ცვლილებები არ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს, თუმცა არ არის გათვალისწინებული მიშელის დოკუმენტში. ამიტომ, შესაძლებელია, ალტერნატიული სახით წარდგენილი იყოს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას შეუძლია, გაითვალისწინოს საერთო დოკუმენტში, ან არა და ახალი საკითხის ინიცირება მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, საერთო პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებისთვის პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შანსი. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს იმ პროექტს, რომელიც შეთანხმებულია არასაპარლამენტო იპოზიციის მიერ.

საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ წინადადებებში საუბარია, მაჟორიტარულ ოლქებში „50+1“ სისტემა შენარჩუნდეს, კვალიფიციური პარტიების სტატუსი მიღებული იყოს, თუ თვითმართველობის არჩევნებში ბარიერს გადალახავენ პოლიტიკური პარტიები. ბლოკების შექმნა კვლავ შესაძლებელი იყოს და ასევე გაუქმნდეს სამაგიდო სიები. სულ არის 12 პუნქტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ამ პარტიებისთვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ცვლიკებების მიღებას“, – განაცხადე ლევან ბეჟაშვილმა.

კითხვაზე – არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ალტერნატიულ წინადადებაზე მუშაობა, ნიშნავს თუ არა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაიფიქრა პარლამენტში შესვლა, ბეჟაშვილი ამბობს, რომ საკითხი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გადაწყდება.

„ეს საკითხი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გადაწყდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე გადაწყვეტილება მივიღეთ და არასაპარლამენტო ფორმატში ვრჩებით, ეს ასე არ არის. ამ ოპოზიციურ პარტიებთან გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის პრაქტიკა, ამიტომ მათ საკითხებს მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.