ლევან ბეჟაშვილი - ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს პერსპექტივა არ აქვს, ვინაიდან „ქართული ოცნება“ თავის პოზიციაში შეუვალია
ლევან ბეჟაშვილი - ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს პერსპექტივა არ აქვს, ვინაიდან „ქართული ოცნება“ თავის პოზიციაში შეუვალია

ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს პერსპექტივა არ აქვს, ვინაიდან „ქართული ოცნება“ თავის პოზიციაში შეუვალია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ პარტიებთან აგრძელებს კონსულტაციებს კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, აგრძელებს კონსულტაციებს ალეკო ელისაშვილთან და სხვა პარტიებთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი დებულება სწორედ ეს არის. შესაბამისი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება იანვრის ბოლოს და ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ვერც ერთ პოლიტიკურ ლიდერს ვერ ექნება ჩვენზე გავლენა. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის საზოგადოებასთან ერთად იმ მიზნის მიღწევა, რასაც ჰქვია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, მას ამ ეტაპზე პერსპექტივა არ გააჩნია, ვინაიდან „ქართული ოცნება“ თავის პოზიციაში შეუვალია. ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ერთიანობა იმ იდეის გარშემო, რომ აუცილებლად უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.