ლევან ბეჟაშვილი - ახალი არაფერი მომხდარა, ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ფაქტებიდან ყოველთვის კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა
ლევან ბეჟაშვილი - ახალი არაფერი მომხდარა, ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ფაქტებიდან ყოველთვის კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა

ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა პარტია, ასეთი ფაქტები „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულა და არცერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ მოუტანია. „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ფაქტებიდან ყოველთვის კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვება ცხრათვიანი კამპანიის ლოგიკური დასასრულია.

„გუშინ საზოგადოებამ იმ 8-9-თვიანი კამპანიის ლოგიკური დასასრული იხილა, რომელსაც არჩევნებში დამარცხებული ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბი აწარმოებდა. მთელი ამ ცხრა თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამალებული კამპანია მიმდინარეობდა. მათი სტრატეგია იმთავითვე ცნობილი იყო – ყველაფერი კეთდებოდა, რომ პარტიისთვის მაქსიმალურად მეტი ზიანი მიეყენებინათ, შემდგომ კი გასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ. ამიტომ საზოგადოებისთვის არაფერი ახალი არ მომხდარა. ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა პარტია. ასეთი ფაქტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულა და არცერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ მოუტანია. „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ფაქტებიდან ყოველთვის კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, „ნაციონალური მოძრაობა“ გადამწყვეტ ბრძოლაში შედის.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში შევდივართ, სადაც, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გამარჯვების კოალიცია აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას. ამ გამარჯვების კარი ყველასთვის ღიაა. მოვუწოდებთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო აქტივისტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს, გამოიყენონ ჩვენი პლატფორმა, რათა დავდოთ საქართველოსთვის ნამდვილი ევროპული გამარჯვება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შესაბამისი კვლევები, ანალიტიკური ინფორმაცია და, მერწმუნეთ, ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც ჩვენ, საბოლოოდ, ცხრათვიანი კამპანიის დაგვირგვინების ფონზე გუშინ ვიხილეთ, არანაირი ელექტორალური გავლენა არ ექნება. ჩვენ, პირიქით, ვისურვებდით, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის მიღმა, სხვა ე.წ. შუაშისტი ელექტორატის მოზიდვა, თუნდაც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანება, რათა მათ შეძლონ სხვა ადამიანების მხარდაჭერის მოპოვება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას აფუძნებს.