ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში თბილისის ორ ოლქში მაჟორიტარებად ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებს განიხილავენ
ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში თბილისის ორ ოლქში მაჟორიტარებად ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებს განიხილავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თბილისის ორ ოლქში პარტია მაჟორიტარებად რამდენიმე ლიდერს, მათ შორის ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებს განიხილავს.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა შესაძლოა, ნიკა მელია მაჟორიტარობის კანდიდატად გლდანში, ზაალ უდუმაშვილი კი სამგორში დასახელდნენ.

ბეჟაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ თავად მისი კანდიდატურა კახეთის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში განიხილება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ახალციხეში მაჟორიტარ კანდიდატად შესაძლოა, ყოფილმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა იყაროს კენჭი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ეს საკითხიც განხილვის საგანია. ვანო მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან პოლიტპატიმრის სტატუსით გაატარა იმაზე მეტი დრო, ვიდრე ხელისუფლებაში იყო. კანონთანაც და მორალთან მიმართებაშიც ის აბსოლუტურად პირნათელია. კონსულტაციების შედეგად გამოვლინდება, რა უფრო მნიშვნელოვანია საერთო ინტერესებისთვის, რათა ოპოზიციამ გაიმარჯვოს „ქართულ ოცნებაზე“. აქედან გამომდინარე, მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელია და დაპატიმრებამდე მას პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე იყო, თუმცა ახლა ის ამ პარტიაში არ ირიცხება.

დატოვე კომენტარი