ლევან ავალიშვილი - სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში რეფორმებია გასატარებელი და ამაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის ახალმა მინისტრმა უნდა აიღოს
ლევან ავალიშვილი - სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში რეფორმებია გასატარებელი და ამაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის ახალმა მინისტრმა უნდა აიღოს

სისტემურ რეფორმას ვერ განახორციელებს ის მინისტრი, რომელმაც აქამდე ეს ვერ გააკეთა, – ამის შესახებ IDFI-ის დირექტორმა ლევან ავალიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნა არანაირად არ უკავშირდება ხორავას საქმეს, არამედ ეს არის სისტემური ცვლილებების მოთხოვნა.

„ეს მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ სასამართლო სექტორსა და პროკურატურაში სისტემური რეფორმები აუცილებლად გასატარებელია და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იუსტიციის ახალმა მინისტრმა. უკვე ექვსი წელია ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და როგოც ჩვენ ვნახეთ, პროკურატურის შემთხვევაში, შედეგი ვერ დადგა. ვხედავთ, რომ სასამართლოში შედეგი ვერ დადგა და კვლავ ის ძველი მოსამართლეები ხელმძღვანელობენ სასამართლო პროცესებს. ჩვენ ვხედავთ იუსტიციის საბჭოში რა ხდება. ამაზე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება და ყველაფერი დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ამის ნება უნდა გამომჟღავნდეს სწორედ სისტემური რეფორმით, რომელსაც ჩვენი აზრით ვერ განახორციელებს ის მინისტრი, რომელმაც აქამდე ეს ვერ გააკეთა”, – განაცხადა ავალიშვილმა.