ლევან ავალიშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს
ლევან ავალიშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო უნდა დაადოს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს.

მისი თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს სერიოზული ხარვეზები აქვს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე ერთსულოვნება პარლამენტშიც არ არის და ეს კანონპროექტი წამყვანმა კომიტეტმაც არ მოუწონა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მართლაც სერიოზული ხარვეზები აქვს“, – განაცხადა ავალიშვილმა.

როგორც ავალიშვილმა განაცხადა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველ რიგში დამოუკიდებელი მედიაკომპანიების ბაზარს დაარტყამს და სარეკლამო შემოსავლებს შეუმცირებს.

„ჩვენ პარლამენტს მოვუწოდებდით ეს პროექტი შეეცვალათ, რომელიც სამწუხაროდ ფართო ჩართულობით შემუშავებული არ იყო და ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა. მისასალმებელია, რომ რაღაცეები მართლაც აისახა. მაგალითად, ინფორმაციის თავისუფლების შემზღუდავი ნორმები ამოღებულია, რომელიც თავდაპირველად ინიციატორებს ჰქონდათ. თუმცა, მაინც სერიოზული პრობლემები დარჩა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი და ძალიან ბევრი ექსპერტის აზრით, ეს ცვლილება პირველ რიგში, დამოუკიდებელი მედიაკომპანიების ბაზარს დაარტყავს. მათ სარეკლამო შემოსავალს შეუმცირებს. 50 მილიონიანი დაფინანსების პირობებში ასეთი დამატებითი ხელისშემწყობი კანონმდებლობის მიღება რელევანტური არ არის. ასევე შესყიდვების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ჩვენ სერიოზულ კორუფციულ რისკებს ვხედავთ და ამის დაბალანსება იმ ცვლილებით ვერ მოხდება, რომელიც უკვე ინიცირებული და ფაქტობრივად გატანილია“, – განაცხადა ავალიშვილმა.