ლევან ანთაძე - სიიდან ამოღებული ადამიანები არ გამოხატავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს, არ თანამშრომლობენ პარტიასთან
ლევან ანთაძე - სიიდან ამოღებული ადამიანები არ გამოხატავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს, არ თანამშრომლობენ პარტიასთან

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას მხარდამჭერთა განცხადებას ლევან ხაბეიშვილის მომხრეები გამოეხმაურნენ.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, თანაგუნდელები, რომლებიც პარტიული სიიდან არიან ამოღებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს არ ატარებდნენ.

„პარტიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამოიღოს სიიდან ის ადამიანები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის. რატომ მოხდა ამ ადამიანების ამოღება? ეს ადამიანები ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ კონტაქტობდნენ პარტიასთან, მიუხედავად არაერთი მოწვევისა. ისინი არ თანამშრომლობენ პარტიასთან, არ გამოხატავენ პარტიის ინტერესებს. ჩვენი, ბათუმის ორგანიზაციის მოთხოვნა იყო, რომ ეს ადამიანები ამოღებული ყოფილიყვნენ პარტიული სიიდან და შესულიყვნენ ადამიანები, რომლებიც პარტიულ ინტრესესებს გამოხატავენ. ამ სამი თვის განმავლობაში არ გამიგია არჩილ ჩიქოვანის, რიჟვაძის, ივანიშვილისა და კობახიძის კრიტიკა, მაგრამ გამიგია ლევან ხაბეიშვილის, ლევან ვარშალომიძის და სხვების. ეს ადამიანები არ გამოხატავენ პარტიის ინტერესს და, რა თქმა უნდა, არ იქნებიან წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიიდან“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადაყენების პროცედურები უნდა დაიწყოს. მათი თქმით, ბათუმის საკრებულოდან გასული „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარტიული სიის მომდევნო ნომრით, თუმცა ხაბეიშვილმა სია თვითნებურად შეცვალა და ოთხი პირი – ლევან გორგილაძე, ელიზა ეფაძე, როინ დვალი და შორენა აბაშიძე პარტიული სიიდან ამოიღო.