ლევან ალაფიშვილი - 112-ის მომსახურების ანტიკონსტიტუციურად ცნობილ საფასურთან დაკავშირებით თუ წლის ბოლომდე რეგულაციები არ შეიცვლება, ეს გადასახდი ავტომატურად გაუქმდება
ლევან ალაფიშვილი - 112-ის მომსახურების ანტიკონსტიტუციურად ცნობილ საფასურთან დაკავშირებით თუ წლის ბოლომდე რეგულაციები არ შეიცვლება, ეს გადასახდი ავტომატურად გაუქმდება

თუ მთავრობა და პარლამენტი 112-ის მომსახურების საფასურთან დაკავშირებულ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობებს მიმდინარე წლის ბოლომდე არ გამოასწორებენ, 112-ის გადასახდი ავტომატურად გაუქმდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლევან ალაფიშვილმა განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლომ აბონენტებისთვის 112-ის მომსახურების საფასურის გადახდა არაკონსტიტუციურად ცნო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს „ლევან ალაფიშვილისა და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის“ კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა.

ლევან ალაფიშვილის განცხადებით, სასამართლომ კანონში ანტიკონსტიტუციურობა დაინახა და სახელმწიფოს გონივრული დრო მისცა. თუ ეს ყველაფერი არ შესრულდა, სადავო ნორმები ძალას დაკარგავს, რაც მისი თქმით, საფასურის ავტომატურად გაუქმებას ნიშნავს.

„დავის საგანს წარმოადგენდა ორი საკითხი – რამდენად იყო უფლებამოსილი მთავრობა დაედგინა მომსახურების აღნიშნული საფასური და არა კონსტიტუციით განსაზღვრული გადასახადი ან მოსაკრებელი, რამდენად უნდა განსაზღვრულიყო ეს კანონით და რამდენად არის არადისკრიმინაციული. იქ არის ჩანაწერი ფიზიკური პირისთვის გადასახადი 20 თეთრის ოდენობით, იურიდიული პირებისთვის კი – 50 თეთრი. ამავე დროს, არის ჩანაწერი მობილური ოპერატორის მომხმარებლებისთვის. მაგალითად, თუ ვიყიდე სამი მხიარული ზუმერი და ამისთვის 10 ლარი გადავიხადე, ტელეფონით კი, საერთოდ არ დამირეკავს ან ხუთ ლარის ზემოთ არის ჩემი გახარჯული თანხა, ამ შემთხვევაში, 112-ის საფასური მეჭრება, ვისაც 5 ლარზე მეტი არ დაუხარჯავს, მას არ ეჭრება“, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია საკითხი, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურებაზე მოსაკრებლის თუ გადასახადის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარი დაწესებულება. 112-ის გადასახადის შემთხვევაში კი, საფასურის ჩამოჭრას კერძო კომპანია ახორციელებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ აბონენტებისთვის 112-ის მომსახურების საფასურის გადახდა არაკონსტიტუციურად ცნო. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა, „რათა სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად, 112 დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისთვის“.