ლევან ახვლედიანი - ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა შეცვლილია და მასში ნაკლებად არის ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვაზე გარანტიის თემა
ლევან ახვლედიანი - ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა შეცვლილია და მასში ნაკლებად არის ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვაზე გარანტიის თემა

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა შეცვლილია და მასში ნაკლებად არის წარდგენილი ანაკლიის პორტში ტვირთბრუნვაზე გარანტიის საკითხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, რვა პუნქტიან მოთხოვნაში, რომელიც საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა გასულ კვირაში წარადგინეს, უფრო მეტად ფინანსური საკითხებია წამოწეული.

„ის, რაც საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა წინა კვირას გამოგზავნეს, შეცვლილია, ნაკლებად არის გარანტიის თემა, უფრო არის ფინანსური საკითხები. მცირედით სხვანაირი პირობები წამოაყენეს წინა კვირას ბანკებმა, ვიდრე თავდაპირველად გააკეთეს. ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად კომპრომისული პირობებია მათი მხრიდან და მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ დაინიშნოს შეხვედრა, კონსტრუქციულად გავაგრძელოთ საუბარი. იმედი მაქვს, ყველა მხარე შევძლებთ გარკვეული კომპრომისის მიღწევას“, – განაცხადა კონსროციუმის გენერალურმა დირექტორმა.

მისი ინფორმაციით, საფინანსო ინსტიტუტებისა და მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა სავარაუდოდ, აპრილის პირველ ნახევარში გაიმართება.

„მოდით, დაველოდოთ ამ შეხვედრას, არ ვიცი, საბოლოო შედეგები როგორი იქნება, რაზე შევთანხმდებით და, მაგრამ პრინციპულად იმის თქმა მინდა, რომ პირვანდელი მოთხოვნისგან, სადაც ნამდვილად უშუალოდ გარანტიას ითხოვდნენ, ბანკების ახალი მოთხოვნა სტრუქტურულად განსხვავებულია“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ მთავრობა კონსორციუმს ხელს არ უშლის და ეხმარება, ახვლედიანის თქმით, პროექტს ხელს უშლის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაკეთებული განცხადებები.

„მამუკა ხაზარაძისა და ბადრის გარშემო განცხადებები და პროკურატურის საქმე – ეს არის, რაც უშლის ხელს ჩვენს პროექტს. ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, ეს გვიშლის ჩვენ, როგორც კონსორციუმს, რომელიც უკვე ოთხი წელიწადია ჩართულია ამ პროექტში და ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის ამერიკელ პარტნიორებთან ერთად პროექტის აქამდე მოყვანაში. ეს მოვლენები, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს და განცხადებები, რომლებიც გაკეთდა მთავარი სპონსორების, კონსორციუმის მამოძრავებელი ძალის გარშემო, უშლის ხელს, აჩენს კითხვებს ინვესტორებთან და ჩვენს პარტნიორებს შორის“, – განაცხადა ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

ამასთან, მისი შეფასებით, ანაკლიის პორტის პროექტი კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად ხორციელდება, რაც ყველაზე მიზანშეწონილი სტრუქტურა მსგავსი საჯარო-კერძო ურთიერთობის მსგავსი ტიპის პროექტებისთვის.

„ამიტომ იყო თავიდან გადაწყვეტილება, მთავრობას უფრო კერძო სექტორისთვის მიენდო ამ პროექტის უშუალოდ იმპლემენტაციის ნაწილი. ზოგადად, რა თქმა უნდა, როგორც მთავრობა, ისე ჩვენ, კერძო სექტორი, ერთობლივად, როგორც პარტნიორები, ამ პროექტის ინიციატორები ვართ“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას.