არსებობენ ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან, ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამას ცხადყოფს ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემულ დოკუმენტთან მიმართებაში განვითარებული მოვლენები.
„გუშინ განვითარებული მოვლენები და ფაქტი, რომ ნებართვა 2 მაისს გაიცა და ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაფარული, ცხადჰყოფს და ადასტურებს, რომ არსებობენ ძალები, როგორ ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებაში, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან, ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს. ეს არის ცალსახა. ქმედებებმა, რომელიც მოხდა დოკუმენტის გაცემის კუთხით, გამოიწვია შემდეგი, რომ დადგა ნდობის მომენტი, გაჩნდა ეჭვი, რით ვართ გარანტირებული, რომ მსგავსი არ მოხდება მომავალში. ჩვენ არაერთი სატელეფონო საუბარი გვქონდა, გვირეკავდნენ გუშინ გვიან ღამით ჩვენი პარტნიორები, ბანკები, ჩვენი ოპერატორი და გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას, შოკირებული იყვნენ იმით, რაც ხდებოდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ნებართვა გაიცა 2 მაისს და 21 მაისს, როდესაც შედგა შეხვედრა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი თქმულა“, – აღნიშნა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა.
მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აზიანებს ინვესტორების ნდობას როგორც მთავრობის, ისე პროცესის მიმართ.
„ახლა ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ნდობა აღადგინოს და პროცესები დაუბრუნდეს ისევ კონსტრუქციული მოლაპარაკებების რეჟიმს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”, ჩვენი მთლიანი გუნდი, ჩვენი აქციონერები ვალდებულებებს ყოველთვის ვასრულებდით და ვასრულებთ ზედმიწევნით. რაც შეეხება მომავალ ვალდებულებებს, მზად ვართ, ისინიც პირნათლად შევასრულოთ, თუმცა ამისთვის უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, რაც დამოკიდებულია მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე“, – აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.
ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ დაუჯერებელია, დოკუმენტის გაცემის შესახებ ხელისუფლებაში არავის სცოდნოდა.
„ძალიან დაუჯერებელია, რომ 27 დღის მანძილზე, ხელისუფლებაში ამის შესახებ არავინ იცოდა. მე არ მინდა, რომ ამაში მთლიანად ხელისუფლება მოვაქციო. გამოვრიცხავ, ამაზე მთელი ხელისუფლების ძალისხმევა იყოს მიმართული. ასე არ არის ნამდვილად, მაგრამ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ასევე ხელისუფლებაში არიან და, რომლებმაც ეს მიზანმიმართული ქმედება განახორციელეს, რათა ანაკლიის პროექტის განვითარება შეეჩერებინათ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა, რომლის თქმითაც, „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები შეშფოთებული არიან“.
როგორც მან აღნიშნა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მზად არის, მთავრობასთან ერთად ყველაფერი გააკეთოს, რომ ამ პროცესისადმი ნდობა აღდგეს.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ეს უკავშირდებოდეს ვანო ჩხარტიშვილის ინტერესს, ახვლედიანი კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.
„კონკრეტულ სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქმედება, რომელიც მიზანმიმართულია ანაკლიის წინააღმდეგ, კონკრეტული დაჯგუფებისა თუ პირების მიერ არის განხორციელებული. გაუგებარია ჩემთვის, აუხსნელია, რომ ნებართვის გაცემიდან 27 დღე ამის შესახებ ხელისუფლებაში არავინ იყო საქმის კურსში. ჩემთვის ეს დაუჯერებელია“, – აცხადებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი.
რაც შეეხება საკითხს, განიხილება თუ არა ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტად, ახვლედიანი ამბობს, რომ კონკურენცია არაფერ შუაშია.
„კონკურენცია არაფერ შუაში არ არის. ანაკლია არის სხვა მოცემულობისა და დატვირთვის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტი, რაც მოხდა, არის მიზანმიმართული ანაკლიის პროექტის შეჩერებაზე. მინდა, ასევე გავახსენო მოსახლეობას – „ეი-პი-ემ ტერმინალის” ხელმძღვანელობას ადრე ოფიციალურად აქვს განცხადებული, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი თურმე არ სჭირდება. ეს კიდევ ერთხელ არის არასწორი. არ მინდა, მათ ბიზნესს შევეხო, თავის საქმე თვითონ იციან, მაგრამ თუნდაც გაფართოება იქნება ტერმინალის თუ სხვა რამ, აქ ტოლობის დასმა არ შეიძლება, ანაკლიას სულ სხვა დატვირთვა აქვს.
როცა მთავრობა, ხელისუფლება გამოსცემს ასეთ ნებართვას, როდესაც ვართ მოლაპარაკების ბოლო სტადიაზე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტში და უცებ ხდება გამოცემა მეორე ნებართვის, რომელიც ასევე ითვალისწინებს ღრმაწყლოვან პორტს, გაუგებარია და იწვევს შეშფოთებას, აზიანებს ნდობას“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.
„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.