ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს, დათმობებისთვის ყველა მხარე მზად არის
ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს, დათმობებისთვის ყველა მხარე მზად არის

ამოცანა ს მდგომარეობს იმაში, რომ საფინანსო ინსტიტუტების მიერ წარდგენილი რვა პუნქტიანი მოთხოვნებიდან საგრძნობ რაოდენობაზე მივაღწიოთ პრინციპულ შედეგს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განუცხადა.

ახვლედიანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის დაფინანსების საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს, როგორც სახელმწიფოს, ასევე საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან.

„შედეგზე საუბარი ადრეა. დღეს იყო სამუშაო შეხვედრა, განვიხილეთ საკითხები. ეს იყო წინარე სამუშაო შეხვედრა. წინ გვაქვს მსჯელობა, რომ რაღაც საკითხებზე განხილვა დავასრულოთ და შეთანხმებას მივაღწიოთ გარკვეულ საკითხებზე. ვფიქრობ, თვითონ პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს, სახელმწიფოს მხრიდანაც, ბანკების მხრიდანაც, ჩვენი მხრიდანაც არის მზაობა და კონსტრუქციული მიდგომა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. ვიმედოვნებ, საგრძნობ პროგრესს მივაღწევთ. ყველა მხარე არის მზად დათმობებზე წასასვლელად და ამაზე არის სწორედ საუბარი ყველას მხრიდან. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ, ამოცანა დღეს დგას იმაში, რომ გარკვეულ საკითხებზე ამ პუნქტიდან საგრძნობ რაოდენობაზე მივაღწიოთ პრინციპულ შედეგს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მან კონკრეტიკისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მთავარია, დღეს მოლაპარაკებების პროცესი მთლიანად დამთავრდეს.

„ამის შემდეგ მეტ დეტალზე შევძლებ კომენტარის გაკეთებას. დილას გვქონდა მინისტრებთან შეხვედრა, ახლაც სამუშაო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას, უფრო დეტალურად განხილვას, ამიტომ დაველოდოთ” – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მთავრობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გრძელდება.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს, საქართველოს რკინიგზის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, აზიის განვითარების ბანკის (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) წარმომადგენლები და მხარეების ტექნიკური და იურიდიული მრჩევლები. მოლაპარაკებებში მონაწილეობს საქართველოს მთავრობის საკონსულტაციო კომპანიის (White & Case) კონსულტანტიც.

სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ პროექტის დაფინანსებისთვის დაყენებული რვა პუნქტიანი მოთხოვნებია.

საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა მიმდინარე წლის 8 თებერვალს. შეთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევას, პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას, საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ კრედიტორების რისკის დაზღვევას და ასე შემდეგ.