ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტში ტვირთბრუნვის დაზღვევის საკითხი შესაძლებელია, ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდის ჩართულობით მოგვარდეს
ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტში ტვირთბრუნვის დაზღვევის საკითხი შესაძლებელია, ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდის ჩართულობით მოგვარდეს

ანაკლიის პორტში ტვირთბრუნვის დაზღვევის საკითხი შესაძლებელია, ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდის ჩართულობით მოგვარდეს, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა, სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც კონსროციუმის, მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.

ლევან ახვლედიანის განმარტებით, საფინანსო ინსტიტუტების მიერ წარდგენილი რვა პუნქტიანი მოთხოვნიდან მხარეებს შორის შვიდზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ჯერ ღიად რჩება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ტვირთებთან დაკავშირებით  დაზღვევას ეხება.

ახვლედიანის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსჯელობა და მუშაობა დაიწყება ალტერნატიულ გეგმაზე, რომლის მეშვეობითაც კომერციული რისკების დაზღვევის საკითხი უნდა მოგვარდეს.

„რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესია და ნიუანსებზე საუბარი მხარეებს შორის ისევ იქნება, თუმცა ძირითად პუნქტებზე შეთანხმება მიღწეულია. დარჩა ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთების რისკის დაზღვევას ეხება. ამაზე შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ არის ალტერნატიული ვარიანტები და მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება. მათ შორის, ეს საკითხი შესაძლებელია, მოგვარდეს ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდის ჩართულობით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ამ მექანიზმის დასაზღვევად. ყველა მხარეს გარკვეული ჩართულობა მოუწევს. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ავტომატურად გამორიცხულია აღნიშნული პროცესიდან, რაღაც მონაწილეობა, ჩემი აზრით, მაინც მოუწევს. ნიუანსებზე შეთანხმებული არ ვართ, თუმცა შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ალტერნატულ გეგმაზე ამ მიმართულებით, რომელსაც წარვუდგენთ მთავრობას უახლოეს დღეებში და შევთანხმდებით შემდეგ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ლევან ახვლენიანმა.

მისივე თქმით, კონსორციუმი ყველაფერს აკეთებს, რომ მშენებლობის ვადები მაქსიმალურად იყოს დაცული. რაც შეეხება პროექტის ფინანსური დახურვის ვადებს, ახვლედიანის განმარტებით, შესაძლოა, გადაიწიოს.

როგორც კონსორციუმის დირექტორმა აღნიშნა, რომ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად სამივე მხარის იურისტებს შორის უახლოესი 10 დღის განმალობაში შეხვედრა გაიმართება მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი კი, ჯერ ჩანიშნული არ არის.

ამასთან, ლევან ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კომერციულად აბსოლუტურად გამართულია.

„კომერციულად ეს პროექტი არის ძალიან გამართული, ვართ ძალიან პოზიტიურად. არის გარკვეული რისკები, რომელიც ოპტიმისტურ და პესიმისტურ პროგნოზებთან კავშირში არ არის. ეს რისკია, რომელსაც აფასებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრაფიკის რისკის დაზღვევა მოხდეს“, -განაცხადა ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მთავრობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, რომელიც სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაგრძელდა.

სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ პროექტის დაფინანსებისთვის დაყენებული რვაპუნქტიანი მოთხოვნები იყო.

საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა მიმდინარე წლის 8 თებერვალს. შეთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევას, პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას, საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ კრედიტორების რისკის დაზღვევას და ასე შემდეგ.