ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტში ადგილობრივები მაქსიმალურად დასაქმდებიან, განსაკუთრებით - აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები
ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტში ადგილობრივები მაქსიმალურად დასაქმდებიან, განსაკუთრებით - აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები

უნდა შევქმნათ ინფრასტრუქტურა, რომლითაც იმ მასშტაბს, ეკონომიას ავითვისებთ, რაც დიდ გემებს მოაქვს, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„იმედი გვაქვს, ძალიან მალე მულტინაციონალური კონსორციუმი შეიქმნება, რომელიც ანაკლიის პორტის გარშემო სხვადასხვა ქვეყნების ინტერესს გაითვალისწინებს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დასაქმდებიან თუ არა მშენებლობაზე საქართველოს მოქალაქეები და რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობის თუ ოპერირების პერიოდში ტოპ მენეჯმენტის მინიმუმ 25% საქართველოს მოქალაქეებით უნდა დაკომპლექტდეს, საშუალო მენეჯმენტის მინიმუმ 40–60%, ხოლო ძირითად სამუშაოებზე მარტივი მუშახელის 90% საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ.

„გვინდა, აქცენტი ანაკლიაში და სამეგრელოს რეგიონში მაცხოვრებელ მოქალაქეებზე და ზოგადად, ქართულ კომპანიებზე გავაკეთოთ. საზღვარზე, აქეთ–იქით უამრავი ადამიანი მოძრაობს და სხვადასხვა პოზიციაზე მოსახლეობიდან არაერთი განაცხადი შემოვიდა. ჩვენს პარტნიორებს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს, ამ დრომდეც ველაპარაკებოდით და მომავალშიც დაველაპარაკებით, რომ ადგილობრივები მაქსიმალურად დასაქმდნენ. განსაკუთრებით – აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები“, – განაცხადა ახვლედიანმა. 

მისი თქმით, მშენებლობის პროცესი 5–6 ნაწილად დაიყოფა და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული კომპანიები, ასევე – მოწვეული საერთაშორისო მშენებლები.

„არის ისეთი მოცულობისა და სირთულის სამუშაოები, რომელსაც ქართული კომპანიებიც გაწვდებიან, რის შესახებაც, შემდეგი 6–8 თვის განმავლობაში ტენდერებით ეტაპობრივად გამოვაცხადებთ. არის სპეციფიკური სამუშაოები, მაგალითად დაღრმავება, ე.წ რეკლამაცია, წყალმტეხის მშენებლობა, რომელიც ძალიან რთული სამუშაოა და ალბათ ამისთვის საერთაშორისო მშენებლებს მოვიწვევთ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.